“დელირიუმი” – ლორენ ოლივერი

-პოსტი შეიცავს სპოლერებს-

დელირია-ფსიქიკის მწვავე მოშლა. ვითარდება თავის ტვინის ორგანული დაავადების გამო.

სიმპტომები: ჰალუცინაციები, ილუზიები, დეზორიენტაცია.

•   •   •

ლორენ ოლივერის “დელირიუმი” მორიგი წიგნია, რომელმაც ჩემს გულში და ჩემს წიგნების თაროზე, საპატიო ადგილი დაიკავა. ახლა მკითხავთ, ლიბერთინსთან შეთამხმებული ხომ არ ხარ, ამდენ განხილვას, რომ წერ მათ წიგნებზეო, მაგრამ ცდებით. მე დელირიით არა, მაგრამ “ლიბერთინსომანიით” ნამდვილად ვარ დაავადებული და სულაც არ ვეძებ განკურნების საშუალებას.
“დელირიუმი” გვიამბობს უსიყვარულო სამყაროზე. ერთი წამით, წარმოგიდგენიათ რა საშინელება იქნება ასეთი სამყარო?! 17 წლის ლინა, მოუთმენლად ელის პროცედურის დღეს, მას განკურნება უნდა, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა, ალექსს გაიცნობს და ბიჭი რეალობას დაანახვებს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა, ლინაში უცნაური გრძნობა გაიღვიძებს, როცა, მას შეუყვარდება…
სიყვარული- ჰაეროვანი სიტყვა, რომელიც ცხოვრებას “ორ ნაწილად ხლეჩს”. მე თუ მკითხავთ, სიყვარული მართლაც დაავადებაა, ოღონდ კეთილთვისებიანი. ის ჩაგადენინებს ყველანარ სიგიჟეს და სამუდამოდ გარდაგქმნის. სიყვარული განადგურებაცაა და გადარჩენის ერთ-ერთი ხერხიც. როცა შენ “ამორ დელირია ნევროზათი” ავადდები, ცამდე ბედნიერი ხარ. გრძნობ ცვლილებებს შენში. სიყვარული სისუსტეა. სიყვარული ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი გრძნობაა.
ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ მალე სიყვარულით განადგურებულები, მართლაც შექმნიან განკურნების საშუალებას, თავიანთი ტანჯვის გასაქრობად და სხვების ბედნიერების წასართმევად.განკურნება, ყველაზე სუსტებმა შექმნეს. მაგრამ, განა შეიძლება ეს აღმატებითი გრძნობა გააქრო?! მაშინ, ხომ სრულიად არაფერი დარჩები?! მაშინ, ხომ მხოლოდ მოსიარულე ხორცი იქნები. განკურნება შენ გართმევს არა მარტო სიყვარულს, არამედ ცხოვრებას. მოგეწონებოდათ, ისეთი სამყარო სადაც არავის უყვარხართ, სადაც მშობლები არ გეფერებიან, საყვარელი ადამიანები არ გიდგანან გვერდით, სადაც ყველა რობოტივითაა, სადაც ყველას სძინავს, სადაც ყველა შენ გვერდით მხოლოდ ვალდებულების გამოა, სადაც არ გაქვს თავისუფლება, უფრო სწორად, არაფრის უფლება არ გაქვს?! სწორედ ასეთია ის სამყარო, რომელიც ლორენ ოლივერმა თავის წიგნში აღწერა.

image

წიგნმა ჩემზე ძალიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე დღე ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. მომეწონა ჩანაფიქრი, წერის სტილი, მომეწონა ფრაზებიც, თარგმანიც (თარგმანს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ) და მთავარი მორალიც. და კიდევ მომეწონა თვითონ ლინას და ალექსის პერსონაჟები. ალექსმა თავი, თავისი სიმამაცით, ისტორიით და საქციელებით დამამახსოვრა. ის ჩემთვის იდეალურია. აი ლინა, იმიტომ მომეწონა, რომ მე მასში საკუთარი თავი ამოვიცანი.

“ხანდახან მგონია, რომ ორი ლინა არსებობს: ერთი ყალბია, როდესაც საჭიროა, ყველაფერზე თანხმობის ნიშნად თავს აქნევს, ხოლო მეორე უფრო ღრმაა, ემოციები აქვს, სიზმრებს ხედავს და “ნაცრისფერს” ამბობს “ლურჯის” ნაცვლად. ორივე ერთდროულად არსებობს და მათ შორის განხეთქილება იშვიათია. თუმცა, ხანდახან ვგრძნობ, რომ ორი, სრულიად განსხვავებული, პიროვნება ვარ და მათგან რომელიმე ნებისმიერ წამს გადამწონის.”

ეს ლინას სიტყვებია. მეც მგონია, დარწმუნებულიც ვარ, რომ ორი მარიამი არსებობს. ერთი მორჩილი, დამჯერი, ხოლო მეორე, უფრო ემოციური მგრძნობიარე. აი, ყველაზე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ:
“დელირიუმის” კითხვის დროს, ერთი მეუბნებოდა, რომ წიგნი გადამედო, მეჭამა, გარეთ გამესეირნა. მეუბნებოდა, რომ უკვე საკმარისი იყო. აი მეორე მარიამი კი ხელში წიგნს ძლიერად მაბღაუჭებინებდა და მეუბნებოდა, რომ უბრალოდ ვერ გავძლებდი, სანამ, არ დავამთავრებდი. დასასრულისკენ, გაქცევის ეპიზოდში, ერთი ამბობდა, რომ ლინამ ალექსი სამუდამოდ დაკარგა, ხოლო მეორეს, მაინც სჯეროდა ალექსის სიტყვები “გპირდები, უკან გამოგყვები”. რატომღაც,სჯეროდა, რომ რადგან ალექსმა თქვა, სიტყვა “გპირდები” ე.ი დაბრუნდება. როცა დავამთავრე და ცხარე ცრემლებით ვტიროდი, ერთი მეუბნებოდა, რომ საკმარისია, არ ღირს წიგნზე ასე გლოვა. ხოლო მეორე, მეუბნებოდა, რომ მეტირა იქამდე, სანამდეც ვისურვებდი, რადგან, ცხოვრება ტკივილის გარეშე არაფერია. მე, რომ უსიყვარულო სამყაროში მეცხოვრა, არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებდი პროცედურას.

ახლა კი მესამყაროელი გოგოს  რჩეული ფრაზები “დელირიუმიდან” (აქ მხოლოდ რამდენიმეა მოცემული):

“სიყვარული,  ყველაზე მომაკვდინებელი, ყველა მომაკვდინებელ სენთაგან-კვდები მაშინაც,  როდესაც გიყვარს და მაშინაც, როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ”

“ბედნიერი ვერ იქნები, თუ უბედურების გემო არ გიგრძნია”

“რა უცნაურია ცხოვრება: რაღაც გინდა ელოდები, ელოდები, ელოდები და გგონია, რომ მის მიღწევას საუკუნე დასჭირდება. და მერე, როდესაც დგება ის წუთი, რომელსაც ამდენი ხანი ნატრობდი, ყველაფრის უკან დაბრუნების სურვილი გიჩნდება, ზუსტად იმ წუთამდე, სანამ ყველაფერი სამუდამოდ შეიცვლება”

“ხანდახან მგონია, რომ თუ მშვიდად იჯდები და შენ წინ საგნებს მიაჩერდები, წამით დრო გაჩერდება, დედამიწა კი თავისი ღერძის გარშემო ტრიალს შეწყვეტს. და თუ შენ ამ წამს დაიჭერ, მარადიულად იცოცხლებ”

“მერწმუნეთ: თუ გაიგონეთ, რომ წარსული გელაპარაკებათ, იგრძნობთ, რომ ის უკან გეწევათ და ცივ ხელს ზურგზე გისვამთ, მხოლოდ ერთი -ერთადერთი – გამოსავალი გრჩებათ: უნდა გაიქცეთ.”

“ცხოვრება არ ნიშნავს, დინებას მიჰყვე. ცხოვრების მთავარი აზრია, იპოვო ის, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მერე კი ის მთელი არსებით დაიცვა და ხელიდან არ გაუშვა”

❤❤

წიგნმა წაკითხვის შემდეგ დამაფიქრა. თუ კარგად დაუკვირდებით მიხვდებით მთავარ აზრს და მორალს. “დელირიუმი” არ არის უბრალოდ თანამედეროვე, თინეიჯერული და არაფრის მომცემი, უბრალოდ წასაკითხი წიგნი. პირადად მე, ბევრი რამ ვისწავლე. მან დამანახვა თუ რამდენად მნიშვნელივანია ცხოვრებაში გრძნობები და ემოციები. რამდენად მნიშვნელოვანია სამყარო და რა საოცარი და დიდი ძალა აქვს სიყვარულს. ცხოვრება, ტკივილის გარეშე არაფერია. არ უნდა გეშინოდეს სხვების და რაც მთავარია საკუთარი თავის. სანამ არ ისწავლი, საკუთარი თავის დაფასებას და შეყვარებას, ცხოვრება უღიმღამო მოგეჩვენება, ვერაფერს გააკეთებ და ვერ იქნები ბედნიერი. შენ არ ხარ ვალდებული უკან მიიხედო, შენ ვალდებული ხარ წინ განაგრძო სვლა. რაც მთავარია არ უნდა გეშინოდეს შეყვარების, ეს ალექსმა დაამტკიცა.
მეც, ისევე როგორც ლინა, იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთნები, რომლებიც სამყაროს საზღვრების გარეშე ხედავენ, რომლებსაც სურთ თავისუფლება, რომლებიც ბედნიერებიც არიან და ამავდროულად იტანჯებიან, რომლებსაც უხარიათ და ტირიან, რომლებმაც იციან რა არის შიში, მაგრამ არ ეშინიათ, რომლებსაც უყვართ და სჯერათ, რომ რაც არ უნდა დაუშავონ, ამ გრძნობას ვერ მიითვისებენ.

“მიყვარხარ. გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ.”

Advertisements

8 thoughts on ““დელირიუმი” – ლორენ ოლივერი

  1. მეც ძალიან ძალიან მომეწონა წიგნი ❤ და ეგეც დავიჭირე, რაც შენ – მორალი… თუმცა აქ სპოილერიც გიწერია :დ
    წაკითხული რომ არ მქონოდა წიგნი გავბრაზდებოდი, რომ წინასწარ თქვი რითიც სრულდება თითქმის..
    დანარჩენი კარგია ❤ ❤

    Liked by 1 person

    1. კი, ძალიან კარგი წიგნია. საინტერესო, ჩამთრევი, აზრიანი და შთამბეჭდავი ^_^ ❤

      Like

    1. დარწმუნებული ვარ, კარგად გამოგივა ❤️ იმედია, პოსტიც დაგეხმარება ცოტათი ^_^ წარმატებები!

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s