უკაცრავად, შეიძლება გაგიცნოთ?

შემოდგომაა. ცივა. გაშიშვლებული ხეები მდინარის პირას აყუდებულან, მაგრამ ისე ამაყად აღარ დგანან, როგორც გაზაფხულზე.
მე დღესაც, ჩვეული ნაბიჯებით მივაბიჯებდი ბაღში, სადაც შემოდგომა ასე ლამაზია. იქვე ხის ძირში, მწვანე სკამზე სათნო, ჭაღარად შევერცხლილი, დანაოჭებული და დაღლილი სახით მოხუცი შევნიშნე, რომელსაც დაძენძილი ქვედაბოლო და გაცრეცილი ქურთუკი ეცვა. შევამჩნიე, რომ ამ ქურთუკის ჯიბეში, რაღაცას სათუთად ინახავდა და გამუდმებით ებუტბუტებოდა. მომინდა მასთან მივსულიყავი და გამეცნო, თუმცა, გამბედაობა არ მეყო. სახლში დავბრუნდი, იმის იმედით, რომ ხვალ კიდევ შევხვდებოდი. მეორე დღესაც, შემოდგომის ბაღს ვესტუმრე. მოხუცი არსად ჩანდა. ცოტა ავნერვიულდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ბოლთას ვცემდი. ის-ის იყო, დაბრუნება გადავწყვიტე, რომ ნაცნობი ბუტბუტის ხმა მომესმა. “ეს ხომ, ის მოხუცია?” – გავიფიქრე. მივტრიალდი და მოხუცი დავინახე. დაუფიქრებლად მივედი მასთან და ოდნავ მორიდებით ვკითხე:41700-Autumn-Rain
-უკაცრავად, შეიძლება გაგიცნოთ?
დავდუმდი და პასუხის  მოლოდინში გავისუსე.
მან გაოცებული თვალებით შემომხედა. მცირე პაუზის  შემდეგ მითხრა:
-მე მკითხე რამე?
-დიახ! იცით, მე თქვენი გაცნობა მინდა. შეიძლება?
მან ირონიულად ჩაიცინა და დაბალი ხმით მითხრა:
-მეგონა ჩემი არსებობა აღარავის ახსოვდა, მეგონა დედამიწას ვამძიმებდი, მაგრამ, თურმე, ვარსებობ. რა საინტერესოა….-თავი გადააქნია და ირონია მის სახეზე გაიყინა.
-ამას რატომ ამბობთ? – გაოცებულმა ვკითხე – თქვენ მარტო არ ხართ. დღეიდან ჩემი სახით, უმცროსი მეგობარი გეყოლებათ. ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი იყოს. მე მარიამი მქვია, თქვენ?
-მე… მე, მარტოობას მეძახიან.-მძიმედ ამოიხვნეშა
-რა უცნაური სახელია…
-არა, ამაში უცნაური არაფერია, ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა – მითხრა და აწყლიანებული თვალებით შემომხედა. 
-თქვენ რა, არავინ გყავთ? შვილები,  შვილიშვილები, ნათესავები ან მეგობრები?!
-აი ჩემი მეგობარი – თქვა და დაკოჟრილი, დანაოჭებული, აკანკალებული ხელებით, გახუნებული და გაცრეცილი ქურთუკის უბიდან, აკაციის ტოტი ამოიღო.- აი ეს კი, მეორე მეგობარი – და ჩვენს სკამთან  მდგარ ბებერ რცხილის ხეზე მიმითითა, რომელიც შემოდგომას მთლიანად გაეშიშვლებინა. მხოლოდ, სულ მაღლა ერთი ფოთოლიღა ირხეოდა. – ალბათ გიკვირს, მაგრამ მათ ყოველდღე ვესაუბრები. მხოლოდ მათ ესმით ჩემი. ჩემნაირად არც ფესვები აღარ აქვთ. ჩუმად, მისმენენ და უხმოდ მიგებენ. ეს აკაცია კი, ერთი თვეა რაც ჩემში ცხოვრობს, ვერაგმა ქარმა მოგლიჯა თავის მშობლებს, ძირს დაანარცხა, ადამიანები ისე დაუნდობლად უვლიდნენ ზედ, ვითომც არაფერი. შემებრალა, ხელში ავიყვანე, მოვეფერე, ჩემს უბეში დავუთმე ბინა. ხედავ, სითბომ და სიკეთემ გული როგორ გაუთბო? – აკაციამ თვალი ჩამიკრა და მოხუცის მკერდს მიეხუტა.
-აი ის ფოთოლი- ახლა რცხილის ხისკენ მიმითითა – ხედავ, როგორ ებღაუჭება დედის კალთას? არა უნდა მასთან განშორება. მისი და-ძმები კი დიდი ხანია მოსწყდნენ ტოტებს და დედამიწას ხალიჩად დაეფინენ.
-არა, ეს არ მოხდება, მე მას დავეხმარები!- ჩემდა უნებურად აღმომხდა. შევხედე, საწყალი სევდისგან სულ გაცრეცილიყო. მისი ნაღვლიანი ხმა ოდნავ მესმოდა.
-ეჰ, ნეტავ შეგეძლოთ! არ მინდა დაიტანჯოთ კეთილო ადამიანებო!-ეს თქვა და დავინახე ცრემლი როგორ გადმოსცვივდა.

უეცრად ქარმა დაუბერა და ეს უკანასკნელი ფოთოლიც მოსწყვიტა. იგი ნარნარით დაეშვა დედამიწაზე.

“მაინც არ მქონია ბედი!”-წაიჩურჩულა ფოთოლმა და უკანასკნელად ამოიხვნეშა.

-ჩვენ… ჩვენ, ხომ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი, ნუთუ…

მოხუცმა სათუთად აიღო გამხმარი ფოთოლი ხელში, დანაოჭებულ ღაწვებზე ცრემლი ჩაომოუგორდა. ფოთოლი, აკაციის გვერდით, უბეში ჩაიხუტა – ისიც ჩემს უბეში დაიდებს ბინას – მითხრა და თავდახრილი, შემოდგომის ბაღის ბილიკს გაუყვა.tumblr_ndy7muaCdX1rnq9s4o1_1280

კარგა ხანს ვიდექი, საბრალო რცხილის ძირში, ერთ ადგილას გაშეშებული. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. პირველად ვინანე ასეთი ნაცნობობა, რომელმაც ასეთი ტკივილი დამიტოვა. ოხერი ქარი კი არ ჩერდებოდა, თმებს მიწეწავდა და საბრალო ყვითელი ფოთლების კორიანტელში მხვევდა. ცრემლი არ მიშრებოდა, ამას წვიმაც დაემატა, მოხუცი შორს მძიმე ნაბიჯებით მიაბიჯებდა…

მე კი, არ ვიცი რატომ, ბოლო ხმაზე უმისამართოდ ვყვიროდი:

-უკაცრავად, შეიძლება გაგიცნოთ?…
-უკაცრავად, შეიძლება გაგიცნოთ?…

Advertisements

One thought on “უკაცრავად, შეიძლება გაგიცნოთ?

  1. მაგარია, მშვენიერია, მომეწონა, შემოდგომის საღამოს ესადაგება.
    კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. . . .

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s