ისტორია ყვითელი ავტობუსის სკივრიდან

ყვითელ ავტობუსში, ალბათ ყველა ყოფილხართ, არა?

დამეთანხმებით, ერთი შეხედვით, დიდი ყვითელი, ბორბლებიანი, მოწყენილობის ყუთია და მეტი არაფერი. მხოლოდ, იშვიათად თუ გადააწყდებით ნამდვილ დრამას (ეგეც თუ გაგიმართლათ). თუმცა, მერწუნეთ, ამ ყვითელ ყუთში ბევრად უფრო საინტერესო ამბები ხდება, ვიდრე მგზავრების ან კონტროლიორის კინკლაობაა. უბრალოდ, უფრო კარგად უნდა დააკვირდეთ. შიგნით,თითქმის ყოველი ადამიანის უკან, საინტერესო და  იდუმალი ისტორია იმალება.  არ ვიცი რატომ, მაგრამ, დღევანდელმა ასეთმა ისტორიამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.images

დღეს ავტობუსში, რომ ავედი თითქმის ცარიელი იყო. ავტობუსური სიჩუმე დამხვდა.ყურსასმენები ტელეფონთან დავაკავშირე და წყნარად ადგილი ფანჯარასთან დავიკავე. იქაურობა ნელ-ნელა ხალხით გაივსო, თუმცა, ისევ სიჩუმე გაბატონებულიყო, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ავტობუსის ჭრაჭუნს. ავტობუსი ისე საშინლად ხმაურობდა, რომ მუსიკის გამორთვა მომიწია, მაინც არაფერი მესმოდა. ყურსასმენები ჩანთაში ჩავიდე და ირგვლივ მიმოვიხედე. როცა მივხვდი, რომ არაფერი საინტერესო ხდებოდა და არსად, არაფრის მიღმა საინტერესო ისტორია არ იმალებოდა, ფანჯარაში ცქერა დავიწყე. ავტობუსი გაჩერდა. ამჯერად, მზერა კარებზე გადავიტანე.

წინა კარიდან ამოვიდა, 66-67 წლის, მაღალი, ჭაღარა, მამაკაცი. ბილეთი პატიოსნად აიღო. ადგილი არ იყო და ფეხზე დადგა, ჩემს წინ. ახოვანი იყო, დიდი, ღონიერი მხრები ჰქონდა. შავი სპორტული შარვალი, შავი, გაცვეთილი ფეხსაცმელები, შავი ზამთრის ორნამენტებიანი ჯემპრი  და შავი ქურთუკი ეცვა. ერთადერთი თმა ჰქონდა თოვლივით თეთრი. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ გრძელი თმა უკან, შთამბედავად გადაევარცხნა. Old man with stick

-ეს კანდელაკზე, ეკლესიასთან გაივლის? -მძღოლს, ჩუმად, უჩვეულოდ ბოხი ხმით ეკითხება. სარკეში დავინახე მძღოლმა თავი დაუქნია. მოხუცმა წინ ცქერა განაგრძო.

ავტობუსში ისევ სიჩუმე იყო (ავტობუსის ჭრაჭუნს კვლავ არ ვთვლი). ყველა თავისთვის, უმეტყველო სახით იჯდა/იდგა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როცა, თვალები ძლიერად მოვჭუტე და სმენა დავძაბე, მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და ამ ახოვან მოხუცში ყველაზე შესამჩნევი ისტორია, შეუმჩნევლად იმალებოდა. ის ისევ ფეხზე იდგა. ვეღარ მოვითმინე, ადგილიდან წამოვდექი და მივმართე:

-დაბრძანდით ბატონო.

მოხუცმა გამომხედა. ისეთი ღია და ფართო ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ მისმა სიკაშკაშემ კინაღამ დამაბრმავა.

-არა, როგორ გეკადრებათ.-მიპასუხა და თავი გააქნია.

-დაბრძანდით-გავუმეორე წყნარად.

-არა, არავითარ შემთხვევაში. -კვლავ თქვა, ამჯერად უფრო გარკვევით. თან თავი ისე ძლიერად გააქნია, რომ პირდაპირ მიმანიშნა, თქვენს ადგილს დაუბრუნდითო.

“გმადლობთ” – გავიგონე მოხუცის ჩურჩული.

მე უკვე, კიდევ უფრო შეპყრობილმა ამ პიროვნებით, ჩემი ადგილი დავიკავე. საშინლად დამაინტერესა თუ რატომ იუკადრისა ასე ჩემი შემოთავაზება. იმიტომ, რომ სამოციანი წლების ნამდვილი ჯენტლმენი იყო, თუ  თავისი ჭაღარის დამალვას ცდილობდა?!

ავტობუსი მიდიოდა.

მის გვერდით, დედის კალთაში მჯდომმა პატარა ბავშვმა რაღაც თავის ენაზე წამოიყვირა. დედამ შვილს გაუღიმა და მიეხუტა. მოხუცმა, პატარას გახედა, დააკვირდა და თბილად თავისთვის, სევდიანად გაიღიმა. მერე წინ გაიხედა. შეიძლება ზედმეტი დაკვირვების ბრალია და მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავინახე კაშკაშა, ცისფერ თვალებში, წამიერად, ელვასავით როგორ გაიელვა რაღაცამ. მან თავი სწრაფად გადააქნია და ფანჯრისკენ შეტრიალდა. ისეთ პოზაში დადგა, რომ მისი სახის დანახვა ვერ შევძელი. მხოლოდ, ის შევაჩნიე, რომ წელში შესამჩნევად მოიხარა და მინას მიეყრდნო.

ავტობუსი გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამდე ჯერ კიდევ ერთი გაჩერება იყო დარჩენილი, მოხუცი ჩავიდა. გაოცებული ვიჯექი. ვერ მივხვდი, ასე რატომ მოიქცა. თუმცა, როდესაც ჩასვლისას მის დანაოჭებულ ლოყაზე ჩამოგორებული ბროლის ცრემლი შევნიშნე, ყველაფერს მივხვდი.

უცებ გული მეტკინა. ფანჯარაში გავიხედე და მას თვალი გავაყოლე.

მოხუცი თავდახრილი მიაბიჯებდა.

უკან კი, ტკივილიანი, სევდიანი წარსული, აჩრდილივით, მძიმე ნაბიჯებით, მის ნაფეხურებს მიჰყვებოდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s