დიდ ხანს ვფიქრობდი რა დამეწერა. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ იდეები არ მქონდა.-უბრალოდ ყველა ”ჯერ არა, მოგვიანებით დავწერ” პოსტები იყო. ამიტომაც, მეგობრებს ვთხოვე დახმარება. მათაც ეგოისტურად შემომთავაზეს ჩვენზე დაწერეო. ოოო…. აი, აქ უკვე საქმე გართულდა. აქამდე ბლოგზე, ჩემზე არაფერი დამიწერია. ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია, თან რა ვიცი, იქნებ მომეწონოს კიდეც. ჰოდა, რატომაც არა? ვცდი.
ერთმანეთთან სამი წლის მეგობრობა გვაკავშირებს. პირველად, რომ კლასში თავი შევყავი და იქაურობას თვალი მოვავლე, არ მოგატყუებთ და პირველი ფრაზა რაც გავიფიქრე ის იყო, რომ მაგარ შარში გავყავი თავი. აბა, წარმოიდგინეთ:
გოგონები:
- მხატვარი და ჩუმი გოგო- უბრალოდ ზის და ხატავს
- კლასის გენიოსი-ირგვლივ სერიოზული სახით იყურება
- მერხებზე უცანურად მჯდარი, სკამზე მოქანავეები-ხმამაღლა ხარხარებენ
- ცანცარა და გიჟი-ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობს
- ერთი შეხედვით წყნარი, მაგრამ, სინამდვილეში არც ისე წყნარი-უცნაურად იყურება
- ოთახის სხვა მხარეს მდგარი გოგონები- ფოტოებს იღებენ
ბიჭები:
- ჩხუბის თავები-რამდენიმე უკვე ჭიდაობისთვის ემზადება
- “ნერვოზიანი” ბიჭი-ფეხები უკანკალებს და თავს ვერ აკონტროლებს
- ბიჭი, რომელსაც კითხვა უჭირს-ტელეფონშია ჩაჩერებული
- ყველაზე დიდი, გიგანტი-თავისებური იუმორით სხვების გაცინებას ცდილობს.
- ერთ ადგილას შეკრებილები-ტელეფონზე ემოციებში თამაშობენ.
იყვნენ ისინი და ვიყავი მე-წყნარი, მორცხვი, ”სათნო”, შეშინებული ბავშვი(ვიცი, რომ ზედმეტად ვიპრანჭები:)).მერე მათ დავუმეგობრდი და სრულიად შევიცვალე. ამ ცვლილებას კი ნამდვილად არ ვნანობ.
საკმაოდ რთული სამი წელი იყო. როგორც იტყვიან, ლხინშიც ერთად ვყოფილვართ და ჭირშიც. მახსოვს გამოცდების ციებ-ცხელება, ქვიზები, ტესტები, ერთსულოვანი ნერვიულობა, სიურპრიზები , გლოვა, გადაწყვეტილებების მიღება, ბეეევრი სიცილი, ჩაშლილი ვითომ ”შატალოები”, კრებები და საკლასო ოთახის კართან ყურმიდებული ბავშვები. ჩვენი მეგობრობა ძალიან ძლიერია:
ისეთი მეგობრობა გვაქვს, სკოლის ბუფეტის ორ მეტრიან რიგში მდგარი, რომ გეტყვის შემოძვერი აქ ჩაგაყენებო.
ისეთი მეგობრობა გვაქვს, თანხით რომ დაგეხმარება თხუთმეტ თეთრიანი საღეჭი რეზინის საყიდლად.
ისეთი მეგობრობა გვაქვს რიგიდან, რომ საჭმელს გამოგიტანს, როცა შენ გეზარება ან ტესტი აღდგენა გაქვს დასაწერი.
წარმოგიდგენიათ? თქვენ გაგეღიმებათ, ჩვენთვის კი ეს სიცოცხლის, უფრო კონკრეტულად, ჩვენი კუჭის გადარჩენის ტოლფასია. კიდევ მახსენდება, საკლასო ოთახის კამერასათან სპეციალური სესიები, როცა ვლაპარაკობთ ყველაფერს რასაც ვფიქრობთ და მხოლოდ იმედი გვაქვს, რომ არ მოისმენენ. დაკუჭული ფურცლებით გუნდაობა და ჩვეულებრივი ”გუნდაობა” (სიმბოლურია). კიდევ, ვერასდროს დავივიწყებ და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, ის სულელურ, უაზრო, სასაცილო და მეტარ ორიგინალური ზედმეტი სახელები, ერთმანეთს, სხვა ბავშვებს ან მასწავლებლებს, რომ ვარქმევთ ხოლმე(”თავგანწირვა” პირველი და განუმეორებელი იყო).
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სკოლის გარეთაც ვმეგობრობოთ. ვერ ვიტყვი, უნაკლოები ვართ და არასდროს გვიწყენინებია ერთმანეთისთვისო, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. მე ამითაც სრულიად კმაყოფილი ვარ. მიყვარს ისინი, ასეთი სულელები, გიჟები, უკომპლექსოები, მხიარულები. მიყვარს ისინი, ისეთებად, როგორებიც არიან. მიხარია, რომ იმ სამი წლის წინ, კლასში თავი რომ შევყავი და ეს სიტუაცია დამხვდა, მაინც მამაცად მოვიქეცი, ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევაბიჯე. შევედი, იმის ნაცვლად, რომ უკან, ჩემს სახლში დავბრუნებულიყავი და ჩვეულებრივი, წყნარი ცხოვრება გამეგრძელებინა.
ვიცი, რომ ეს ადამიანები ახლა ამ პოსტს კითხულობენ და იცინიან. ისიც ვიცი, რომ შემდეგ თავისებურ, ორგინალურ კომენტარებს მომწერენ და მეც გულიანად გამაცინებენ.
ჰოდა, მეგობრებო, რადგან ახლა აქ ხართ და მისმენთ, გეტყვით, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემთვის, მაინც ყველაზე, ყველაზე მაგრები ხართ!
დარჩით ასეთი გიჟები, სულელები და მხიარულები.

❤ ძალიანნ მაგარია კიდევ დადე ესეთი პოსტები
LikeLike
მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონა ❤ დავდებ შიგადაშიგ.
LikeLike