რაღაცნაირად გული მიმძიმდება იმის გააზრებაზე, რომ ცხოვრება ხანდახან გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს.
ვფიქრობ, იმაზე მეტად შევიგრძენი ლიზა ჯენოვას სადებიუტო წიგნი ‘’ჯერ კიდევ ელისი’’, ვიდრე, საჭირო იყო. არ ვიცი ეს ჩემი ზედმეტი ემოციურობის თუ ავტორის ოსტატობის ბრალია. თუმცა, ფაქტია, რომ წიგნს უფლება მივეცი ჩემთან ზედმეტად ახლოს მოსულიყო, არადა მე და ელისი სრულიად გავნსხვავდებით ერთმანეთისგან.
ყოველთვის რაღაც მეკარგება, თუმცა, წარსულში სირბილით და გონებით უკან-უკან სვლით ყოველთვის ვპოულობ ხოლმე. არასდროს წარმომედგინა, რომ რაღაც შეიძლება მართლა დავკარგო, არა სკოლის კარადის გასაღები ან ტელეფონი, არამედ-საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება და საყვარელი ადამიანები. ეს ხომ ყველაზე დიდი ტრაგედია ამ სამყაროში. და კიდევ, ალბათ, ამის მსგავსი საშინელება იმის შიშია, რომ სადღაც შორს სტატისტიკებში და გრძელ სტატიებში რომლებიც გაუგებარი ტერმინებითაა სავსე, მაინც არსებობს პატარა შანსი, რომ ეს იშვიათი შემთხვევა და ბედისწერის სათამაშო თოჯინა სწორედ შენ აღმოჩნდე.

მართალი გითხრათ, თავიდან ცოტა მერთულა ელისის სამყაროში შეჭრა. ძნელი აღსაქმელია, რომ ჩემნაირი ჩვეულებრივი ცხოვრების გარდა, სხვანაირი ელისისნაირი ცხოვრებაც არსებობს. თუმცა,აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ერთი საფეხურით მაღლა ავედი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ.
ძალიან დაძაბული ვკითხულობდი. ჩემს ბიძაშვილს, რომ შინაარსი მოვუყევი მითხრა ეგეთიწიგნები არ მიყვარს, ადამიანის ტანჯვას რომ უყურებო. არაფერი მითქვამს. დიახ,მე წავიკითხე ელისის ტანჯვა და მთლიანად შევიგრძენი ის. მაგრამ, წიგნი მარტო ტანჯვაზე არ არის. რაღაც მომენტებში სიამოვნებაც კი მივიღე, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში სადაც კარგად ჩანდა როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ელისს თავისი ოჯახისგან.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირდაპირი ტრაგედიაა ეს ისტორია. საშინელებაა, იმის შიში, რომ ხვალ შეიძლება გაიღვიძო და სარკეში ვიღაც უცნობის გამოსახულებამ შეგაცბუნოს, იმაზე ფიქრი რომ დასასრული ახოლვდება და იმის ეჭვები, რომ შეიძლება სიყვარული გულში კი არ დარჩეს, არამედ ტვინში, ნეირონებთან ერთად განადგურდეს.
ეს არის წიგნი ურთიერთობებზე, ემოციებზე, ცხოვრებაზე, საკუთარი თავის დაკარგვაზე და მონატრებაზე. წიგნი მებრძოლ ქალზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცდილობს, რომ დარჩეს ისევ ის ელისი, რომელიც აქამდე იყო.
ელის,
შენ ჩემი ფრთებმოტეხილი პეპელა ხარ, რომელმაც იცის დღევანდელი დღის ფასი.
მადლობა.