როგორ შევხვდი მარკესს სტამბოლის აეროპორტში

პირდაპირი გამარჯობა, სტამბოლის აეროპორტიდან!

აქაურობა თვალისმომჭრელად საოცარია. ეს აეროპორტი ცალკე პატარა სამყაროა. უამრავი ხალხი ირევა, ვერცერთ კაფეში ვერ ვიპოვეთ ადგილი, არადა, საკმაოდ ბევრიც ვიარეთ. თუმცა, საბოლოოდ როგორც იქნა ერთ კომფორტულ ადგილას მოვეწყვეთ. ისეთი გემრიელი კაპუჩინო მომიმზადეს, გემო რომ არასდროს დამავიწყდება. აქ ოთხი საათი უნდა დავყოთ და შემდეგ მონტენეგროსკენ მივეშურებით. დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი შიში – თვითმფრინავის შიში დავძლიე! ეს არც ისე ადვილი გამოდგა, თუმცა, როგორღაც მოვახერხე საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი.ოთხი საათი სულაც არ მაშინებს, პირიქით იმდენად საინტერსოდ მეჩვენება ეს ადგილი, მინდა უფრო დიდი დრო მქონდეს აქაურობის დასათვალიერებლად. ვზივარ ერთ კაფეში და ჩემი საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული: ხალხს ვათვალიერებ, თან ათასნაირ ისტორიებს ვუფიქრებ. ადამიანები არ ილევიან, ყველა განსხვავებული და თავისებურად საინტერესოა. ასე მგონია, დიდ ეკრანს ვუყურებ. ისინი ერთი და იგივე ტემპში დადიან, არც ჩქარობენ და არც მიზოზინებენ. ფერადი ფერები და ბევრი სათვალეები. ქალები და მამაკაცები, ბავშები და მოხუცები, შავკანიანები და თეთრკანიანები, პუტკუნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, გაფართოებული ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები და უბრალოდ დაღლილი სახეები, დასაძინებელ ადგილს რომ ეძებენ, მკითხველები და ტელეფონში ჩაჩერებულები. ბევრ ვიეტნამელს ვხედავ. ორი მათგანი ჩემს გვერდით ზის და ტელეფონი თვალებთან ზედმეტად ახლოს აქვთ მიტანილი. ორი საინტერესო ადამიანი ვნახე: ერთ მოხუცს შევხვდი – უბრალოდ იდგა და იღიმოდა, შავი ფერის თმები, რომელიც ჭაღარაში გადადიოდა უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი. დახეული ტანსაცმელი ეცვა, სახეზე კი შავი მურები ეტყობოდა. ფეხზე ნახევრად დაგლეჯილი და სახმარად გამოუსადეგარი, ძველი, გახუნებული ფეხსაცმელი ეცვა.  თუმცა, მაინც უზომოდ ბედნიერი იყო. ამ ბედნიერი მოხუცის შემდეგ, მეორე მოხუცს შევხვდი: ეტლში მჯდარს, ხელში წითელ ცელოფანში გახვეული ყუთი ჩაებღაუჭა და სიცარიელეს გასცქეროდა. თვალი ჰქონდა გაშტერებული რაღაცაზე. უმეტყველო სახით იჯდა. იმ წამს გავიფიქრე, რომ ყველზე სევდიანი ადამიანი იყო ამ დედამიწაზე.IMAG0435.jpg

კიდევ გავაგრძელებდი საინტერესო ადამიანების აღწერას, მაგრამ, მთავარ ამბავზე უნდა გადავიდე.

რამდენიმე ხნის შემდეგ როცა ვიგრძენი, რომ ხალხის დათვალიერება მომბეზრდა და წინ კიდევ დიდი დრო მქონდა, გონებით ისევ ჩემს სახლში წიგნების თაროს დავუბრუნდი. დანანებით გადავხედე ყველა წიგნს, თითო სვეტს და განყოფილებას, ვიფიქრე, ჩემებმა არ ამირიონ-მეთქი, გაპწკრიალებული დავტოვე. აგერ, ‘’ჯეინ ეარი, გვერდზე ‘’მე შენამდე’’, ქვემოთ დრეიპერის ‘’გონების მიღმა’’, მერე პალაციოს ‘’საოცრება’’, აი პალაციოს კიდევ ზემოდან  მარკესის მოთხრობების კრებულია. მხოლოდ რამდენიმე მოთხრობა მაქვს წაკითხული კრებულიდან და ვნანობ, ჩემოდანში რომ არ ჩავიდე. ყველაზე მეტად მაინც ‘’მძინარე მზეთუნახავი და თვითმფრინავი’’ მომეწონა. თითქოს ხომ არაფერი, უბრალო და ჩვეულებრივი, მაგრამ, მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემში. ყოველთვის როცა რაღაცის კითხვას ვიწყებ, ვცდილობ ინფორმაცია მოვიძიო ან თუ ინტერნეტიც არ მშველის, ჩემით მოვიშველიო ფანტაზია თუ სად და როგორ პირობებში დაწერა ავტორმა ესა და ეს ნაწარმოები. ჰოდა, მაშინვე მივხდი რაც უნდა გამეკეთებინა. მოთხრობაში მოქმედება აეროპორტში ხდება (მერე რა რომ Charles de Gaulle-ში ), მეც აეროპორტში ვარ. წინ დიდი დრო მაქვს. ვითომ, რატომ არ შევხვდე მარკესს და ვნახო როგორ დაწერა ეს უბრალო მოთხრობა?! აი, ასე ‘’ვითომ-ვითომ’’ და მაიმუნობით დავინახე თურქეთის დროშასთან მდგარი, კისერ წაგრძელებეული, ბეჟ შარვალში და ამავე ფერის პიჯაკში გამოწყობილი კაცი. სათვალეს ვიკეთებ, რომ სახე კარგად გავარჩიო: შავი წარბები, ნაცრისფერი ულვაშები, მუქი შავი თვალები, დიდი ოთკუთხედი სათვალე, ასე 60-63 წლის იქნება. აშკარად სადღაც მინახავს…. და ორიოდე წუთში ვხვდები ვინ დგას ჩემ წინ: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და თვით გაბრიელ გარსია მარკესი!IMAG0423

აი, აქ დავიძაბე. შევატყვე მწერლისეული გამოხედვა. აშკარად ღრმად იყო ჩაფიქრებული და ამ განსხვავებულ სახეებს მიღმა ისტორიას ეძებდა. მერე თითქოს არსაიდან, მაღალი გრძელ, შავ თმიანი, ლათინო-ამერიკელი ქალი დავინახე. მარკესის გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ იპოვა ის, რასაც ეძებდა. გოგონა იქვე კაფეში ჯდება. მარკესი წარბებს ჭმუხნის და რამდენიმე წუთი მიშტერებია. მერე, თითქოს ბურანიდან გამოერკვესო, მაშინვე პიჯაკის ჯიბიდან პატარა ბლოკნოტს და შავ კალამს იღებს. დაიწყო რაღაცების ჯღაბნა. ისე გამალებით წერდა, მისვლა გადავიფიქრე. დავაკვირდი ამ გოგოს, მაინც რა აღმოაჩინა მასში განსაკუთრებული-მეთქი, გავიფიქრე. ჩვეულებრივი ლამაზმანია. მერე იქვე ოფიციანტთან მოჩხუბარი ხნიერი ქალი დაინახა, გაეღიმა და რაღაც ჩაწერა. ვაკვირდებოდი მის ყოველ მოქმედებას, ჟესტს, სახის მიმიკებს, მანერებს. ოჰ, როგორ მინდოდა, იმ წამს მეც მისი ტვინი მქონოდა! გონებაში მთლიან სიცარიელეს ვგრძნობდი! მერე ოფიციანტი მოვიდა და კაპუჩინოს დამატება შემომთავაზა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ერთი წამით საათის გასაგებად ტელეფონს ჩავხედე, დროშასთან მიხედვისას კი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ვერავინ დავინახე: ვერც მარკესი, ვერც შავ თმიანი ლამაზმანი და ვერც მოჩხუბარი ქალი. კონცეტრირება ვეღარ მოვახერხე. ბოლოს ავდექი და მეც იმავე ადგილას დავდექი, სადაც, წამის წინ მარკესი იდგა. ვაკვირდებოდი, წარბებს ვჭუხმნიდი, ტვინს ვაწვალებდი, თვალებით ვჭამდი ადამიანებს, მაგრამ, არადა არა! არანაირი შთაგონება. ავნერვიულდი და ჩემს თავზე სასტიკად გავბრაზდი. დღეს ძალიან დაბნეული ვარ, თვითმფრინავში უნდა დამეძინა.

ფიქრებიდან ბიცოლაჩემის ხმამ გამომიყვანა, მთხოვდა ჩემი სამი წლის ბიძაშვილი-ნიკოლოზი, მაღაზიაში გამეყვანა წვენის საყიდლად. დავთანხმდი. როგორც ჩანს გზაში ნიკოლოზმა შეამჩნია ჩემი დაბნეულობა და მკლავზე ჩამოქაჩვით მკითხა:

-მარი, რა გწირს??

-არაფერი, მაინც ვერ გაიგებ, – სევდიანად ვპასუხობ.

შემდეგ მაღაზიაში გამყიდველს, რომელიც ინგლისურის გაგებაში არ იყო, ათი წუთის განმავლობაში ვუხსნი, რომ ერთი ბოთლი წყალი და წვენი მომაწოდოს. რა სიტყვები არ შევურიე, ხან რუსული, ხან ინგლისური, ესპანურიც კი! მაგრამ, პირდაღებული მისმენდა და უხერხულობისგან იშმუშნებოდა. ბოლოს ისევ სხვა კონსულტანტი დამეხმარა, დიდი ბოდიშებით გამომისტუმრეს.

-მარი, რა გწწიირს?-მიმეორებს ნიკოლოზი, როცა, მაღაზიიდან საშინლად დაღლილი გამოვედი. მე ჩავიმუხლე, მაისური გავუსწორე, თმები გადავუწიე და ჩვენი ჯაფით და შრომით მონაპოვარი ალუბლის წვენი გადავეცი:

-ნიკოლოზ, ყველა  მარკესი ვერ იქნება, ხომ ასეა?-დიდი მცოდნესავით უსუსურად ვეკითხები და მის ცისფერ თვალებში თანხმობას ვეძებ. მან მარკესივით წარბები შეჭმუხნა (ჩემზე უკეთ გამოუვიდა!) და თავი მოიფხანა. მივხვდი, აქედან არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ, ღრმად ამოვისუნთქე და გზა გავაგრძელეთ.

მოგვიანებით კი,  როცა თვითმფრინავში ჩავსხედით, ნახევრად ჩაძინებულს, ნიკოლოზი ყურსასმენებს მხსნის და ძალიან სერიოზული, დაფიქრებული სახით მეუბნება:

-ნუ ნერვიულობ, ყველა მალკიეზი ვერ იქნება.

ბოლო ხმაზე გადავიხარხარე, სტიუარდესამ გამომხედა. ნიკოლოზს სახე გაებადრა, გაუხარდა, ჩემი ხაისათის ცვლილება.

-მარი, ეხლა სად მივდივართ?

-მონტნეგროში, მონტენეგროში.

ასეთ დიალოგში აცდა ჩვენი თვითმფრინავის ბორბლები მიწას და ზემოთ აფრინდა. ჩვენ ღრუბლებისკენ მივიწევდით. იქ მდგარი უზარმაზარი სხვა თვითმფრინავები და სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, ნელ-ნელა პატარავდებოდნენ, ჭიანჭველებს ემსგავსებოდნენ. მერე როცა ჩვენი სამყარო ღრუბლებს მიღმა გაუჩინარდა და აქათქათებულ, თეთრ ფუმფულა ბალიშებში აღვმოჩნდით, გული სიხარულით ამევსო. მშვიდ უსასრულობაში ვიყავი, დაკარგული ოცნებების სამეფოში. მეგონა ერთი ხელის გაწვდენა და ხელით შევეხებოდი ცას, ღრუბელს პატარა  ნაწილს მოვაწყვეტდი და სამახსოვროდ დღიურში შევინახავდი. აქ სულ სხვა სამყარო იყო. სამყარო, სადაც, საზღვრები არ არსებობდა. მერე ისეთივე შეგრძნება დამეუფლა, რაც თბილისის აეროპორტში. არ ვიცოდი მარკესი როდის გავხდებოდი ან როდის შევძლებდი მოჩხუბარ ქალში და ლამაზმანში საინტერესო ისტორიის აღმოჩენას, მაგრამ, ის მაინც ზუსტად  ვიცოდი რომ წინ, დიდი, დაუვიწყარი თავგადასავლი მელოდა…

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s