ზაფხულის ბოლო და საუკეთესო საღამო

ზაფხული… აი, ზაფხულიც დასრულდა. ჩუმად, ფეხაკრეფით, თვალსა და ხელშუა გაუჩინარდა. გამექცა, გამეპარა და მხოლოდ სევდანარევი ბედნიერებით სავსე მოგონებები დამიტოვა, თან დამაბარა უკან კარგა ხანი არ დავბრუნდებიო. ყოველთვის ვცდილობდი ზაფხული რაღაც განსაკუთრებულად დამესრულებინა. შარშან წინ მისი გაცილების ტრადიციაც კი მოვიფიქრე და იმის მერე ყოველ წელს ასე ვამთავრებ არდადეგებს.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ გუშინ ჩემი ცხოვრების საუკეთესო საღამო მქონდა. ის არც ოჯახის წევრებთან, არც მეგობრებთან და არც ემა უოტსონთან ერთად გამიტარებია. ის მარტო გავატარე და მაინც ყველაზე საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.

ოთახიდან რომ გამოვედი, სანაპირო მთლიანად დაცარიელებული დამხვდა. მზე ჩადიოდა. მისი სხივები მოთეთრ-მოშავო ცას ნარინჯისფრად აფერადებდნენ. ზღვა უჩვეულოდ აღელვებული იყო. დიდი ტალღები ძლიერად ეხეთქებოდნენ ნაპირს. მეც სწორედ იქ ვიდექი. იქ, სადაც, ტალღა ტყდებოდა და დაშლილი, გასწორებული, თეთრად აქაფებული, ნაპირზე გამოდიოდა. წყალი საოცრად თბილი და სასიამოვნო იყო.ფეხშიშველი ვიდექი. ნაზი სიო სახეზე რბილად მელამუნებოდა და თმებს მიფრიალებდა. ჩუმად ვიყავი და ბობოქარ ზღვას ვუსმენდი, ვცდილობდი გამეგო რის თქმას ცდილობდა. მიყვებოდა უიღბლო მეთევზეებზე, მოცურავე ადამიანებზე, თევზებზე,მხიარულ დელფინებზე. მიყვებოდა მზესა და ქარზე.მიყვებოდა ფერებსა და სამყაროზე. სასწაულებსა და ღრუბლებზე. თავს უჩვეულოდ დამშვიდებულად ვგრძნობდი. მომწონდა, რომ წყალს ყველაფერი თან მიჰქონდა რასაც კი შეეხებოდა. მომწონდა, რომ ჩემს ჩათრევას ცდილობდა, მე კი მაინც მყარად ვიდექი.

საფრთხეში სილამაზეს ვხედავდი. მერე კი ვეღარ მოვითმინე, უცნაურად აღტკინებული გული ვერ დავიწყნარე. სანაპირო ზოლს გავხედე და რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი. მივრბოდი სამყაროსგან, ტკივლებისგან და პრობლემებისგან შორს. ზღვაც თამაშში ამყვა. იმდენად ძლიერად დაიწყო ტალღების გამოშვება, რომ ყველანაირი დედამიწისეული ხმა ჩაახშო. უშვებდა და უშვებდა ჩემკენ ბობოქარ ტალღებს. მივრბოდი და ფეხებს აქეთ-იქეთ ძლიერად ვაქნევდი. წყალი ჰაერში იჭრებოდა, მთლიანად მესხმებოდა. მივრბოდი გაუჩერებლად და ბოლო ხმაზე ვიცინოდი. ვყვიროდი და უაზროდ ვხარხარებდი. ვხტუანობდი და წყლის შხეფებით გაბედნიერებული, ხელებ გაშლილი ვტრიალებდი. ვტრიალებდი და ჩემს ირგვლივაც ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ფერები და ხმები ერთმანეთს ერეოდნენ. არ მესმოდა, რას მეუბნებოდა ზღვა ან რას მჩურჩულებდა ქარი. არ მადარდებდა, რომ ტანსაცმელი მთლიანად გავლუმპე ან ის, რომ სასტუმროს ფანჯრებიდან ხალხი გაგიჟებულ გოგონას უცქერდა. ვხედავდი მომღიმარ მზეს და მეც იმ წამს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. თავს ჩიტივით თავისუფლად ვგრძნობდი, თითქოს, მიწას ავცდი და სასწაულებით გაჟღენთილი ჰაერის,შერეული ემოციებით დატვირთული ზღვის ნაწილი გავხდი.

მე დავრბოდი.

ვყვიროდი.

ვიცინოდი.

ვხტუნაობდი.

ვტრიალებდი.

ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი იმით რომ საკუთარი თავი გავაბედნიერე.

14151809_1393924263970039_1417589890_o

დადებითი ემოციებით მთვრალი, ტრადიციისამებრ, აივანზე ავბრუნდი და ზაფხულის ბოლო წუთამდე ვიჯექი იქ. ვიჯექი და ლამპიონის შუქზე მოფრიალე წვიმის წვეთებს გავცქეროდი, ვუყურებდი იმ განვლილ სამ თვეს ასე მოულოდნელად რომ ჩამიქროლა. კარგი და ცუდი მოგონებები, მოგზაურობა, წიგნები, საკუთარ თავზე მუშაობა. ძალიან ბევრი მოგონება იყო. იმდენად ბევრი, რომ გამიკვირდა ოთხმოცდა თორმეტ დღეში როგორ ჩაეტია. ძლიერად წვიმდა, ყურსასმენებში მელოდიური მუსიკა ჟღერდა, მთლიანად მავსებდა. ბოლო წუთებში კი ავდექი და ვარსკვლავებს სურვილი ჩავუთქვი გრძელ სამუშაო წელზე, რომელიც ჰორიზონტზე უკვე ჩანდა.

როცა, ოთახში შევბრუნდი ტელეფონზე კალენდარი უკვე პირველ სექტემბერს აჩვენებდა.

***

ახლა შემოდგომის დროა. ძალიან მიყვარს თავისი ფერებით, სურნელით ხრაშუნა ფოთლებით და განწყობით, რომელიც მოულოდნელად შემოაქვს სახლებში.

თქვენ კი, ვისაც ცხვირი ჩამოგტირით და ჯერ კიდევ ვერ მოგიხერხებიათ ზაფხულის გაცილება (მესმის თქვენი, მთელი დილა ასე გავატარე), სწორდით! სმენა! და ნაბიჯით იარ წინ, შემოდგომისკენ!

ბედნიერ, ენერგიულ და წარმატებულ შემოდგომას გისურვებთ.

დაე, იღბალი მუდამ თან გდევდეთ 🙂maxresdefault

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s