ერთხელ ზღაპარში

დღეს პირველად მივხვდი, როგორია როცა რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ სიტყვები არ გყოფნის. აი, უბრალოდ დგახარ, გაოგნებული და ჰაერში ჩამოკიდებულ უთქმელ სიტყვებს მისჩერებიხარ. ბედნიერი ხარ, ჩქეფარე, ფერადი ემოცია მთლიანად გავსებს და ყოველგვარ ბგერას ახშობს. შენ  ძალიან გინდა დაიყვირო და ყველას გაუზიარო შთაბეჭდილებები, თუმცა ამის ნაცვლად თვალები სიხარულის ცრემლებით ივსება და გული მხიარულად იწყებს ცეკვას.

ჩვენი გუშინდელი ისტორია ზღაპარს ჰგავს. არის ჯადოსნური, ნაზი და ძალიან თბილი, ბედნიერი დასასრულით. ამიტომ, სანამ თხრობას დავიწყებდე კარგად მოკალათდით და უბრალოდ წარმოიდგინეთ:

დიდი სასახლე, დახვეწილი გარემო, მაღალჭერიანი დარბაზები, კლასიკური მოჩუქურთმებული კარებით. გემოვნებით შეხამებული ფერები, სინაზე და კომფორტი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სპეციალურად, აკურატულად გამოწყობილი ადამიანები დგანან, იღიმიან, თავს მსუბუქად არხევენ და ერთმანეთში ზრდილობიანად, დაბალ ხმაზე საუბრობენ. სასაუბრო თემა ყველგან ერთია: ხელოვნება. ალბათ, ამიტომაც იგრძნობოდა ჰაერში უჩვეულო სითბო და სიყვარული. თავი კონკია მეგონა, რომელიც მეჯლისზე სასახლეში პირველად შედის. ოთახიდან-ოთახში ნელა დავაბიჯებდით, კაშკაშა სინათლე თვალს გვჭრიდა და ვცდილობდით, ყოველი კუთხე კუნჭული დაგვეთვალიერებინა. მივხვდი, იმ შენობაში რაღაც ძალიან იდუმალი და საინტერესო იმალებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე იქაური გარემოს უჩვეულო სიმშვიდე ამომეხსნა.

თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე თავი სრულიად მოულოდნელად ამოვყავი. ზღაპრებშიც ხომ ასე ხდება: ჯადოსნური ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა და არა მხოლოდ მასწავლებელმა – მარინა ლობჟანიძემ, დავალების კარგად შესრულებისთვის დამასაჩუქრა და ქართული მუსიკის კონცერტზე დამპატიჟა. ცოდვა გამხელილი ჯობიაო ნათქვამია, ჰოდა გულწრფელად გეტყვით, რომ ამ შემოთავაზებამ ძალიან შემაშინა: ეს ის სამყარო იყო, რომელშიც ფეხი არასდროს მქონდა შედგმული. შემეშინდა, რომ იქ თავს ზედმეტად ვიგრძნობდი და გარემოს ვერ მოვერგებოდი. თუმცა შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, დავეთანხმე. ცნობისმოყვარეობა ხომ ყოველთვის შიშზე ძლიერია. 🙂 დავეთანხმე და თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. 14650775_10154030290576724_3163374618065144894_n

ძალიან მინდა სიტყვებით გადმოვცე ის თუ რა ამბები დატრიალდა იმ ულამაზეს დარბაზში.ყოველთვის მქონდა შიში იმისა, რომ მოზარდობის პერიოდის ბედნიერი მოგონებები, ზრდასრულობის ასაკში მთლიანად დამავიწყდებოდა, მაგრამ იცით რა? არსებობენ ადამიანები, დღეები და მომენტები, რომლებიც შენში სახლდებიან და შენი ნაწილი ხდებიან, თანაც სამუდამოდ.  ოცდაორ ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, გატარებული საღამოც სწორედ ასეთ დაუვიწყარ მოგონებებს მიეკუთვნება.

ახლაც, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ იმ ჰარმონიულ სამყაროში ვბრუნდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იმ უცნაურ საღამოს დიდ თვითმფრინავში ვისხედით და ბატონ, ვახტანგ კახიძის მიერ შედგენილი მარშუტით, დროში ვმოგზაურობდით. დარბაზში იმ საოცარი ინსტრუმენტებიდან გამოფრქვეული მელოდია მთლიანად აღწევდა ჩვენში, გვიპყრობდა და გვიმორჩილებდა. ყოველი ბგერა, ვიოლინოს თითოეული სიმის რხევა, კონტროლს გვაკარგვინებდა. თვალწინ სხვადასხვა ნაწარმოებზე, სხვადასახვა სურათი წარმოგვიდგებოდა ხოლმე. განვიცდიდით ყოველ ნოტს. მხიარულ მელოდიაზე, გვინდოდა ეს თუ არა, თავს მუსიკის შესაბამისად ვამოძრავებდით. თუ საჭირო იყო, თვალები ცრემლებითაც კი გვევსებოდა. მუსიკამ შემოაღწია ჩემი გონების ყველაზე მიჩქმალულ კუნჭულებში და სინათლეზე ის ადამიანები და მომენტები გამოიყვანა,რომელიც არც კი მახსოვდა თუ ოდესმე არსებობდა. გულის ცემის რიტმი ჰყვებოდა მელოდიას და ჩვენ უბრალოდ ვიყავით ბედნიერები. ბავშვები, ყოველი ნაწარმოების შემდეგ ერთმანეთს გადავხედავდით, იმის შესამოწმებლად, მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი, თუ სიზმარში გავიღვიძეთ. დაუჯერებელი იყო, ერთი ჯოხის მოქნევა როგორ იმორჩილებდა ყველას და მთლიანობაში საოცრებას ჰქმნიდა.

თითქოს, კონცერტი საკმარისი არ ყოფილიყო, თავბრუდახვეულებს, ჩვენმა ბედნიერების ფერიამ, მარინა “მასწმა” კულისების სესია მოგვიწყო! გაღიმებული, დადებითი ენერგიით და წარმატებული გამოსვლით მომღიმარე ადამიანები ყველგან იყვნენ. არავინ ცდილობდა გულწრფელი აღფრთოვანება დაემალა. შევხვდით საოცრად ნიჭიერ ხალხს. მაგრამ, როცა დირიჟორის და პიანისტ, გიორგი შავერზაშვილის წინ დავდექით, მეტყველების უნარი დავკარგეთ და ორი სიტყვა ერთმანეთს ვერ მივაბით. თუმცა, ჩვენი ფართო ღიმილით და ანთებული თვალებით, მთავარს სათქმელს მაინც მიგვიხვდნენ. 14798995_1445045935524538_1246324826_n

საღამოს ზღაპრულობა ცარიელი საკონცერტო დარბაზისა და სცენის ნახვამ შემატა.მდუმარედ მდგარი როიალი, არფა და დასარტყამი ინსტრუმენტები იქაურობას იდუმალებას სძენდა. ვუყურებდი მათ და ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ იყო შესაძლებელი უსულო ნივთისგან დროში მოგზაურობა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც, დირიჟორის ადგილას დგომამ მოახდინა. ამაღლებული ადგილიდან გავყურებდი, ცარიელ, წითელ სკამებს და ვცდილობდი წარმომედგინა როგორი შეგრძნებაა, როცა ყველა გასუსული გისმენს. როცა, დგახარ და ხელის მოძრაობით ყველაფერს იმორჩილებ.

ეს არის ადგილი, სადაც სიტყვები მნიშვნელობას კარგავს.

ცოტა ვიდარდეთ, გია ყანჩელი, რომ არ შეასრულეს, მაგრამ არაუშავს. შემდეგზე ისევ წავიდეთ.

რაც შეეხება, ჩემს შიშს კარგი მოგონებების დავიწყებაზე, სრულიად უსაფუძვლოა. აბა, მითხარით, ოდესმე დაგავიწყდებათ თქვენი ბავშვობის საყვარელი ზღაპრები?

ჰოდა, აი, ესეც ჩვენი ბედნიერი დასასრული.

გიზიარებთ ფოტოებს 🙂 ❤
14793782_10154030670651724_1346601467_n

14797401_10154032048761724_502128094_n
ვახტანგ კახიძე ❤
14555653_175590729562718_857768432_n
ბატონი ვაჟა აზარაშვილი და ჩვენ ❤
14801032_10154030668956724_196633660_n
გიორგი შავერზაშვილი ❤

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s