5 წიგნი ზამთრის არდადეგებიდან

ზამთრის არდადეგები თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. ეს არდადეგები ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მაკლდა-ვკითხულობდი და ვწერდი. ალბათ, სწორედ ამიტომაც მქონდა ყველაზე მშვიდი და კომფორტული დასვენება.

მოკლედ, ამ პოსტში წარმოგიდგენთ ამ არდადეგებზე წაკითხულ წიგნებს. მათ ნამდვილად მოახერხეს და არაჩვეულებრივი მოგზაურობა მაჩუქეს, ამიტომ აქედან ყველა წიგნს რეკომენდაციას თამამად ვუწევ. დავიწყოთ: 

  1. “რუხ ჩრდილებს შორის” -რუტა სეპეტისი

“ოდესმე თუ დაინტერესბულხართ, რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? იმ დილას ჩემი ძმის სიცოცხლე ჯიბის საათის ფასი იყო. “

1481006112_005.jpg

წელს ლიბერთინსის ორი გამორჩეული წიგნი წავიკითხე, ერთ-ერთი კი ეს არის.

2017 რუტა სეპეტისით დავიწყე. წიგნი არის მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვიდან გაძევებული და  ციმბირში გაგზავნილი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე. საოცრად რეალურად აღწერილი ტანჯვა, ტკივილი, მონატრება და ადამიანური მომენტები გულგრილს მკითხველს ნამდვილად არ დატოვებს. ამას ლინასა და ანდრიუსის მომაჯადოვებელი სიყვარულის ისტორიაც ემატება. ასევე, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ის, თუ როგორ პოულობს გოგონა შვებას ხელოვნებაში, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.

აღსანიშნია ისიც, რომ  მწერალმა წერისთვის ციმბირს გადარჩენილი ოჯახები ჩამოიარა და მათი ისტორიები მოისმინა. შესაბამისად, წიგნიც ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი.

მოკლედ, ეს წიგნი არის ყველა ასაკისთვის. რადგან ლიბერთინსისაა,  ძალიან გთხოვთ ნუ ფიქრობთ, რომ უფროსები არ უნდა გაეკარონ ( ასეთი მოსაზრება ჩამოყალიბდა, სამწუხაროდ). აი, მაგალითად, ახალა ბებიაჩემს წიგნი ხელში უჭირავს და ცრემლად იღვრება. 🙂

წაიკითხეთ და მოუყევით ეს ისტორია სხვებს, რათა იცოდეს ყველამ იმ სიბნელეზე, რაც გამოვიარეთ. იქნებ ამის შემდეგ მაინც აღარ დავუდგათ სტალინს ძეგლები :)))

2. “ჩელენჯერის უფსკრული” ნილ შუსტერმანი 

“იმ ყველაფერს, რასაც ვგრძნობ, სიტყვებში უბრალოდ, ვერ ვატევ, ან თუ შევეცდები, აღმოჩნდება, რომ ისეთ ენაზე ვმეტყველებ, რომელიც არავის ესმის. ჩემი ემოციები თავის საკუთარ ენაზე ლაპარაკობს.”shop_product_image_202671

ესეც, მორიგი სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელიც კარგა ხანს არ დაგავიწყდებათ. ამ წიგნს იმ შემთხვევაში მიადექით თუ მზად ხართ, რომ შიზოფრენიით დაავადებული მოზარდის გონებაში იმოგზაუროთ და კიდევ იმ შემთხვევაში, თუ არ გეშნიათ დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილს-ჩელენჯერის უფსკრულს ესტუმროთ.

ვფიქრობ, “ჩელენჯერის უფსკრული”  ლიბერთინსის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი და რაც მთავარია, იმის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ყველა წიგნი, რაც თანამედროვე ლიტერატურას შეგვიძლია მივაკუთნოთ, ნაგავში გადასაგდები არ არის (ეს ასევე ეხება, რუტა სეპეტისსაც). :))

 

3.  “ყვავილები ელჯერნონისთვის” -დენიელ კიზი 

“იმედს არავინ ახსენებდა. თითქოს საქმე ცოცხალ მკვდრებს ეხებოდა, ან კიდევ უარესი-ადამიანებს, რომლებსაც თითქოს არასდროს უცხოვრიათ, არასდროს არაფერი გაუცნობიერებიათ. ჩანასახშივე დამჭკნარი, დროსა და სივცრეს სამუდამოდ მიშტერებისთვის განწირული სულები იყვნენ. “%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9a

ჩარლი გორდონმა და ელჯერნონმა საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანეს ამ არდადეგებზე. აქამდე მხოლოდ ამ ისტორიის შემოკლებული ვერსია (მოთხრობად გადაკეთებული) მქონდა წაკითხული და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი როგორი დასასრული მელოდა, მაინც უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე და ამჟამად, ცრემლების გარეშე ვერ მოვახერხე ბოლო აბზაცის ჩამთავრება. საერთოდ არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ეს ამბავი გულგრილად დატოვა და ცოტათი მაინც არ აცრემლებია თვალები.

პირდაპირ გეტყვით, ეს ერთ-ერთ იმ წიგნთაგანია, რომელსაც თქვენთვის ტკივილის მოყენება შეუძლია.მწარედ აღწერილი საზოგადოების დამოკიდებულება გონებაშეზღუდული ადამიანების მიმართ, ზოგ-ზოგიერთებში სინდისსაც გააღვიძებს, რაც ნამდვილად გვჭირდება 🙂

4. “მეფორნე”/”მეეტლე მოჩვენება” – სელმა ლაგერლოფი

“მალე ახალი წლის დილა გათენდება. ახალგამოღვიძებული ხალხი კი ისევ სიკეთესა და ოცნებებზე იფიქრებს, ისევ მომავალზე დაამყარებს იმედს. ჰოდა, ზუსტად ამ დროს მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ნურც სიმდიდრეს ისურვებენ და ნურც სიყვარულს, ნურც წარმატებასა და სიყვარულს მოიწადინებენ, არც სიმდიდრე და ძალაუფლებაა სანატრელი. ან დღეგრძელი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რა ბედენაა? მხოლოდ ერთ ვეტყოდი-გულზე დაიდონ ხელი და ისე შესთხოვონ უფალს: “ღმერთო, იქამდე მამწიფე სული ჩემი, სანამ მომკის დრო დადგებოდეს”.shop_product_image_1301.jpg

ჩემი ამბავი, რომ ვიცი ამ წიგნს კარგა ხანი არ გავეკარებოდი, რადგან სადაც მე სიკვდილს და მოჩვენებას წავიკითხავ, უსწრაფესად უკან ვაბრუნებ, თაროზე.  მაგრამ ამჟამად არჩევანი არ მქონდა, რადგან ქართულში გვქონდა დავალებად. არაფერი საშიში და ჰორორი არ აღმოჩენილა, ამიტომ გულდამშვიდებულმა ჩავამთავრე, ერთი ის იყო დიდად არ მესიამოვნა ცელიანი ადამიანის წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს და ჩვენ ვერ ვხედავდეთ.

გულწრფელი ვიქნები-აღვფრთოვანდი და გავგიჟდი ისე მომეწონაო, ვერ ვიტყვი. თუმცა არც ისეთი ყოფილა, წასაკითხად რომ ვერ გაეკარები. მომეწონა თვითონ იდეა, რაღაცნაირად ორიგინალური იყო. ადვილად იკითხებოდა, მაგრამ მწერლის წერის სტილით დიდად ვერ მოვიხიბლე. მაგრამ პატარა წიგნია და თქვენი არაფერი წავა თუ წაიკითხავთ, პირიქით საინტერესოც იყო ცოტათი შემზარავ და უჩვეულ გარემოში მოგზაურობა.

5. “პატარა უფლისწული” -ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

“ყველა ზრდასრული ადამიანი თავიდან ბავშვია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ბევრს აღარც კი ახსოვს.”

“პატარა უფლისწულმა”  მთელი არდადეგები დააგვირგვინა. რამდენი ხანია ამ წიგნს დავსდევ, რამდენჯერაც ვიყავი მაღაზიაში, იმდენჯერ არ ჰქონდათ. ერთხელ კონსულტანტმა “მირჩია”, ეგ პატარებისთვისაა და შენ არ მოგეწონებაო. მე კიდევ, როგორც ჯიუტმა პიროვნებამ, ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი. ამიტომ გუშინ, როგორც კი წიგნი ვიპოვე,  დავავლე ხელი და სახლში წამოვიღე. უცებ შემომეკითხა და გეფიცებით, კიდევ ვინმემ რომ მითხრას, ასეთ საბავშვო წიგნებს რა გაკითხებსო, რაღაცას ნამდვილად დავამტვრევ. რეალურად, ამ ერთი შეხედვით საბავშვო ისტორიაში იმდენი სიმბოლიკაა და ისეთი საინტერესო ჩასაფიქრებელია, შეუძლებელია ბავშვური ვუწოდოთ. მგონი, 7-ის ვიყავი  პირველად, როცა წავიკითხე. მახსოვს, ძალიან მომეწონა და დასრულებისას ვიტირე, პატარა პრინცი რატომ წავიდა-მეთქი. მაშინ, მხოლოდ გავიგე ჯადოსნური ისტორია, ჯადოსნურ ბიჭზე, რომელიც დღეში მზის ჩასვლას ორმოცდაოთხჯერ უყურებდა. ახლა კი პატარა პრინციც სხვანაიარად აღვიქვი, დახატული ბეკეკაც, უდაბნოც  და იქ აღმოჩენილი ჭაც.

ბავშური სილაღით, მსუბუქად მოთხრობილი ისტორია სიკეთეზე, სიყვარულზე, მარტოობაზე და მეგობრობაზე, დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანის გონებაში სამუდამოდ დაილექება.ბევრი ლაპარაკის გარეშე- ჩემი საყვარელი წიგნი გახდა ❤ მარტო ოქრო მიძღვნის ტექსტი გამო ღირს წაკითხვა 😉 ❤

ახლა, ჩემს 4 წლის ბიძაშვილს ველოდები, რომ მოვიდეს და ერთად წავიკითხოთ. შემდეგ დარწმუნებული ვარ, საღამოობით სულ ვარსკვლავებს დააკვირდება, რომ პატარა პრინცი პირველმა იპოვოს.

***

მოკლედ, ასეა თუ ისე, ორშაბათს სკოლა იწყება. არ მკითხოთ, მზად ხარ თუ არაო, მე ასეთ რაღაცებისთვის არასდროს ვარ მზად. თუმცა ვიცი, წიგნების განხილვას კიდევ დიდი ხანი ვერ გამოვაქვეყნებ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ამ ადგილს არ მოაკლდეს ყურადღება.

წარმატებები, მეგობრებო ❤ ახალი ენერგიით შევხდით სამუშაოს და შემდეგ ზაფხულიც მოვა, აბა, სად წავა :)))

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s