სად გაფრინდნენ წეროები

 ეძღვნებათ იმ უცნობებს, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. 

გუშინ, როცა ქიმიის ჩახლართულ რეაქციებს ვეჭიდებოდი და ვცდილობდი გამერკვია, როგორ მიმეღო ფორმულების აბდა უბდისგან, უხსნადი მარილი, თვალი ფანჯრისკენ გამექცა და საქმეს მთლიანად მომწყვიტა: ეზოში პატარა ბავშვებმა ჩაიარეს. თან ბურთს კენწლავდნენ, თან კი იმაზე დაობდნენ, ბოლო გოლი ჩაეთვალათ თუ არა. ვიდექი და ღიმილით ვუსმენდი მათ გაცხარებულ კამათს, სასაცილო არგუმენტებით სავსეს. სახელმძღვანელოებთან მიბრუნება ვერ შევძელი-ვიგრძენი, რომ თავდაპირველი მოწადინება მთლიანად დავკარგე. ამიტომ, წამოვდექი და ფანჯარაში დავიწყე ცქერა. მერე კი, სრულიად გაუაზრებლად, თავში კარგა ხანს მივიწყებული კითხვაც ამომიტივივდა: სად მიფრინავენ წეროები?

ეს ის წეროები არ გეგონოთ, ბავშვებს რომ არიგებდნენ (საბედნიეროდ, ასეთი პროფესიის წეროები ჩემი ბავშობის ნაწილი არასდროს ყოფილან). ეს ის წეროები არიან, წრეზე მდგარი ბავშვები, ერთმანეთზე ხელებმიტყუპებულები, რომ  თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ იქეთ-აქეთ. ალბათ, თქვენც გახსოვთ:

„…-წეროები

-მიფრინავენ

-სად?

-შორს

-რამდენი?…“

პირველად, როცა ჩემი მეგობარი ამ თამაშს მიხსნიდა, მახსოვს იმ მომენტზე გააწყვეტინა დედამ, სიტყვას „სად“, რომ ამბობდა. ის საჭმელად ავიდა, მე კი დავრჩი დაინტრიგებული და მთელი დარჩენილი დღე ვცდილობდი დამედგინა, მაინც სად მიფრინავდნენ ეს წეროები.  მოგვიანებით, პასუხმა, „შორს“ , ძალზედ იმედგაცრუებული დამტოვა.

ჩვენი უბნის ბავშვებს ათასი ასეთი თამაში გვქონდა. რა ჯობდა, ზაფხულის ცხელ ღამეებში გარეთ გამოფენას, იქაური სიჩუმის ჩვენი ჟრიამულით ავსებას და გაუჩერებელ სიცილ-ხარხარს. მახსოვს, როგორ ვეხვეწებოდი ბიჭებს “წრეში ბურთის” თამაშისას „უდრები“ არ დაერტყათ და მახსოვს, როგორ ვთამაშობდთ ბანბიქტონს ქარიან ამინდშიც კი. ჩვენი ფეხბურთის კარი ან სადარბაზოს შემოსასვლელი ან მწვანე “გარაჟის” კარები იყო და თუ კომფორტული ფეხსაცმელი მეცვა, თან ბიჭებს მოთამაშეც აკლდებოდათ(მხოლოდ ამ შემთხვევაში), თამაშის ნებასაც მრთავდნენ. ჩემი ძმა, რომელიც მაშინ დიდი მეგონა, ხშირად სათადარიგოში მაყენებდა, დედასთან რომ არ მეჩივლა. :)) ყველაზე მეტად გვახარებდა, მოღამული ამინდის შემდეგ, ცაზე ცისარტყელის დანახვა. გვჯეროდა, მას ჩვენი გულწრფელი სურვილების ასრულება შეეძლო(ბრჭყვიალა კაბა, ჰანა მონტანას პარიკი ან ახალი ბურთი).„აზას ჯიხურში”  ნაყიდი მზესუმზირის კნატუნი და კედლებზე დაწერილი ფრაზების, ნაცნობ მელოდიებში ჩასმა, ჩვენს საყვარელს საქმიანობას წარმოადგენდა. ფეხებზე ჩალურჯებები ხომ საერთოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო 🙂

რამდენი რაღაც მახსენდება ტკბილად…„მოჟნობანა“, „კლასობანა“, „სტო პიატი“, „კრასკობანა“, „გაშეშობანა“,“წითელი, ყვითელი, მწვანე“, „გაფუჭებული ტელეფონი“, „ათობანა“ ფერადი სახტუნაოთი და სხვა ასეთი მხიარული თამაშები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. დღეებს კი გრანდიოზული დამალობანა აგვირგვინებდა. ლამპიონის შუქზე ყვითლად განათებული სახეები, ყოველთვის აღტაცებით იყვნენ ანთებულები. ყველაზე „მაგრები’’, „გარაჟების“ თავზე ძვრებოდნენ და მათ პოვნას ყველაზე დიდ ხანს ვანდომებდით (სტადიონთან მდგარი, მწვანე „გარაჟი“ ყველაზე პოპულარული იყო). ჩვენ კი ან მანქანებს ან სადარბაზოებს ვაფარებდით თავს.

წეროებს ძირითადად ზაფხულის დასაწყისში ან დასარულს ვთამაშობდით. რამდენჯერ შეგვიცვლია ტექსტი და ჩვენებურად გადაგვიკეთებია. გულწრფელად გეტყვით და ამ თამაშში, მგონი არასდროს მომიგია. მაგრამ მე აქ ჩემი დამარცხება კი არა, ის მადარდება ეს წეროები სად მიფრინავდნენ და თუ „შორს“, მაშინ სად იყო ეს “შორს”. თუმცა მერე ეს სადარდებელიც გავაქრე, რადგან მივხდი, რომ  მაშინ წეროები სულ თან დაგვსდევდნენ. ერთი ხელი დასრულდებოდა და თავიდან ვიწყებდით თამაშს- ისინი “შორიდან” კვლავ ჩვენს პატარა სამყაროში ბრუნდებოდნენ.

და ყველაფერი იყო არაჩვეულებრივად. გადიოდა დღეები საოცრად სწრაფად, მხიარულებით, დაუსრულებელი ჟრიამულით, არცერთი ცრემლით და უამრავი სითბოთი. ყველაფერი იმდენად არაჩვეულებრივად იყო, რომ ხანდახან ეჭვიც კი მეპარება ხოლმე, ამ ყველაფრის რეალურობაში.

შესაბამისად, ეს მოგონებები ყველა ერთად რომ გავაერთიანო, მთელს  მსოფლოში ყველაზე კარგი ელექსირი შეიქმნება-უდარდელობის, სილაღისა და მხიარულების გაერთიანება. თუმცა მსოფლიოში ყველაზე კარგსაც კი მოჰყვება რაღაც, ნაკლებად სასიამოვნო. გვერდით მოვლენებზე მაქვს საუბარი-ანუ, რაც არ უნდა დაუვიწყარი და მაგარი შეიძლება იყოს მოგონება, ის მაინც ყოველთვის იქნება სევდიანი. სწორედ იმიტომ,რომ “მოგონება” ჰქვია. შესაბამისად, ჩემს ფანჯარაში ცქერასაც მოჰყვა ის, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო-მონატრება და სინანული. ბოლოს კი გაანალიზება, რომელსაც მტკნარი გემო ჰქონდა:

6b1d9b91f0eadfca24eb85654d026986ჩვენს კორპუსთან მდგარი ხეები, ისევ ისე შრიალებენ და ისევ ისე იცვლიან ტანისამოსს, როგორც ადრე. მოჟამული ამინდების შემდეგ გამოსული ცისარტყელა, უწინდებურად მზადაა ჩვენი სურვილების შესასრულებლად. სტადიონთან მდგარი, მინგრეული გარაჟი ისევ მყარად დგას და შეუძლია თამაშისას, ბავშვებს სანდო სამალავი აჩუქოს. სადარბაზოში ისევაა ადგილი „ათობანას“ სათამაშოდ და წარწერები კედელზე, ისევ ისე ერითმებიან ნაცნობ მელოდიაში.

წეროები? წეროები არსადაც არ გაფრენილან. ისინი ისევ მუზეუმში გამოკეტილი ფიტულებივით დგანან და გველოდებიან, როდის გავუშვებთ თბილ ქვეყნებში.

წეროები არსადაც არ გაფრენილან. პირიქით,- ჩვენ გავფრინდით მათგან შორს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s