როგორ აფუჭებს ახალგაზრდობას “ჰარი პოტერი” ანუ ქართული ჰორორი

დღესდღეობით ქართული ჰორორ ისტორიების ერთ-ერთი ნაწილი, სწორედ ჰარი პოტერის სერიების ”სატანისტურ საწამლავად” და”ახალგაზრდობის გამფუჭებელ” წიგნად შერაცხვაა. საბედნიეროდ, მე როულინგის წაკითხვა თავისუფალ გარემოში, თავისუფალ სკოლაში და თავისუფლად მოაზროვნე მეგობრებთან თუ უფროსებთან მომიწია. ამიტომაც, საშუალება მომეცა ჩემით განმესაჯა, რასაც ვკითხულობდი ცუდი იყო თუ კარგი. სამწუხაროდ, სასულიერო პირების უმრავლესობა სხვა ბავშვებს არჩევანის საშუალებას ართმევს და წიგნზე სრულიად აბსურდული, უარგუმენტო, ცოტათი სასაცილო ინფორმაციის გავრცელებით, პატარებს და უმთავრესად, პატარების მშობლებს, უნერგავს ისეთ იდეას, რომელსაც ისინი ისე იჯერებენ, რომ გადამოწმებასაც არ ცდილობენ. ეს ყოველთვის ასე იყო – ადამიანს ხშირად ფიქრი ეზარება და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს გარკვეულ საკითხზე, თავის შეუწუხებლად სხვას მიენდობა. ამაზე დიდი კატასტროფა კი ისაა, რომ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, სოციალურ ქსელთან თავისუფალი წვდომა აქვთ 8-10 წლის ბავშვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ უნარი ირონია, სარკაზმი, მცდარი თუ მართალი, ერთმანეთისგან გაარჩიონ. შესაბიმისად, ქართული, უაღრესად სულელური გვერდებისგან გავრცელებულ ინფორმაციას, ისინიც მარტივად იჯერებენ და ამის შემდეგ მორჩა – მათთვის, ყველა, ვისაც “ჰარი პოტერი” უჭირავს, ხელიდან წასულია.

მგონი აჯობებს დამოუკიდებლად წავიკითხოთ წიგნი, დავუფიქრდეთ და შემდეგ ვილაპარაკოთ, მაინც როგორ რყვნის ამ თაობას, ეს უზნეო, სათვალიანი ბიჭი,სახელად  -ჰარი პოტერი.

აგერ უკვე მეორედ ჩავამთავრე შვიდივე წიგნი და რეალურად, ეს არის ისტორია სიყვარულზე, სიმამაცეზე, თავგანწირვაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სამართლიანობასა და ძალაუფლებაზე. ეს არის ისტორია, სადაც სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, ჯადოსნურ სამყაროში ერთმანეთს უპირსპირდებიან და ცდილობენ, სამყაროს მბრძანებლები გახდნენ.

ამ პოსტში კი გთავაზობთ წიგნში წამოჭრილ მთავარ თემებს და მათ განხილვას (ციტატები დანომრილია გვერდების მიხედვით. ეს გვერდები ემთხვევა წიგნის ბოლოდროინდელ ტირაჟს):

-აქედან, პოსტი შეიცავს სპოილერებს-

1. სიყვარულის თემა “ჰარი პოტერში”

ყველაზე მთავარი ფაქტია ესაა: ჰარი პოტერი სასიკვდილო წყევლისგან დედის თავგანწირვამ იხსნა.

როდესაც, მთავარი ანტაგონისტი, ლორდი ვოლდემორი, აღმოაჩენს, რომ სიკვდილზე გამარჯვების გზაზე შეიძლება, პატარა ბიჭმა, ჰარი პოტერმა შეუშალოს ხელი, მის მოკვლას გადაწყვეტს. თუმცა ბიჭი მომაკვდინებელ წყელვას გადაურჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ დედა მას გადაეფარა. დედის სიყვარულმა და თავგანწირვამ კი მის წინაშე დამცავი ფარი აღმართა, რის გამოც წყელვა ყველა დროის უძლიერეს ჯადოქარს – ლორდ ვოლდემორს მიუბრუნდა და დაასუსტა, ხოლო ბიჭს ვერაფერი ავნო – მხოლოდ შუბლზე, დაკლაკნილი ნაიარევი დაუტოვა.

“დედაშენმა თავი გაწირა შენთვის. ერთადერთი, რაც ვოლდემორს არაფრით არ შეუძლია გაიგოს, ეს სიყვარულია. დედის სიყვარული ძლიერია, არ კვდება, ჰარი. ეს არც ნაიარევია და არც რაიმე თვალით ხილული ნიშანი. როცა, ამ ქვეყნიდან მიდის ადამიანი, ჩვენში სამუდამოდ ტოვებს თავის სიყვარულს, რომმელიც გვიცავს…”

-ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”(გვ230)

ზოგადად, წიგნში სიყვარულის თემა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰარი მშობლების მიერ დატოვებულმა ფარმა სიკვდილისგან არაერთხელ იხსნა. სიყვარულის სიძლიერეს, განუმეორებელი ალბუს დამბლდორი, უამრავჯერ აღნიშნავს და თვითონ სიყვარულს, ყველა ჯადოქრობაზე უფრო ძლიერ, სიკვდილის დამმამარცხებელ ძალად მოიხსენიებს:

“აქ ინახება ძალა, ერთდროულად უფრო საოცარი და უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილია, ვიდრე ადამიანის გონებაა, ვიდრე ბუნების ძალაა… ამ იდუმალი და საოცარი ძალის სახელი სიყვარულია.”

-ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი”(გვ 717)

ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ სევერუს სნეიპის ამბავი – მან ჰარის დედის, ლილის, სიყვარულის გამო დამბლდორისთვის ჯაშუშობა დაიწყო. ის ყოველდღე თავს საფრთხეში იგდებდა, მაგრამ ამას არ უფრთხოდა, რადგან ბავშვობის სიყვარული, არასდროს განელებია. მისმა მოტანილმა ინფორმაციამ, არაერთხელ იხსნა ადამიანები სიკვდილისგან."It is the unknown we fear when we look upon death and darkness, nothing more."                                                                                                                                                      More:

ბოლოს კი არ შემიძლია, დამბლდორის რჩევა არ გადმოვიტანო და არ აღვნიშნო, ყველაფრის მიუხედავად, როგორ მოუწოდებს ალბუსი ჰარის, მიუტევოს და შეიცოდოს, მისი მშობლების, მეგობრების და საყვარელი ადამიანების მკვლელი – ლორდი ვოლდემორი:

“მკვდრები ნუ გეცოდება, ჰარი. ცოცხლები შეიცოდე, ყველაზე მეტად კი ისინი, ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს”

-ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” (გვ 535)

2. სიმამაცისა და თავგანწირვის თემა

ჯადოსნური სამყარო ვერ გადარჩებოდა, რომ არა პერსონაჟების წარმოუდგენელი სიმამაცე და თავგანწირვა. როდესაც, ჰარი წინასწარმეტყველების მიხედვით იგებს, რომ დიდ შანსია სიკვდილი მოუწიოს( რადგან,“ვერცერთი ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე”), ასეთ გაანალიზებამდე მიდის:

“და, აი, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რასაც გულისხმობდა დამბლდორი: ერთია, არენაზე ძალით გაგათრიონ სიკვდილთან შესახვერად და სულ სხვაა, შენი ფეხით გახვიდე თავაწეული და უშიშარი. ზოგმა, შეიძლება თქვას, რომ ამ ორ ვარიანტს შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ დამბლდორმა იცოდა… “და მეც ვიცი,-საოცარი სიამაყით გაიფიქრა ჰარიმ,-ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწორედ ამ განსხვავებაშია მთელი აზრი…”

-“ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი”(გვ 407)

3. ძალაუფლების და უკვდავების თემა

როგორც უკვე ვთქვი, ვოლდემორის მთავარი მიზანი, უკვდავების მოპოვება, სიკვდილის მბრძანებლად ქცევა იყო, რისთვისაც არაფერს ერიდებოდა. ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გაუთავებელი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები, წამება, შიში, ტანჯვა და მისი სურვილი მოიპოვოს უძლეველი ჯოხი, ჯადოსნურ სამყაროს ნელ-ნელა ასუსტებს. თუმცა წიგნის ბოლოს, ჰარი პოტერი ძლივს მოპოვებულ უძლეველ ჯოხს ანადგურებს, ხოლო ქვას, რომელსაც მიცვალებულების მოჩვენებად დაბრუნების ძალა შესწევს, ტყეში ისვრის, რადგან მკითხველთან ერთად, ჰარიც ხვდება, რომ ბედნიერებისთვის არც სხვების მოკვლაა (ანუ ძალაუფლების მოპოვება) საჭირო და არც საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების უკვდავება:

 “ძალაუფლება, ალბათ იმას უფრო შეეფერება, ვინც არასდროს ისწრაფვის მისკენ.”

-ალბუს დამბდლორი, “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”(გვ 531)

“შენ ხარ სიკვდილის ნამდვილი მბრძანებელი, რადგან ნამდვილი მბრძანებელი არ ცდილობს სიკვდილს გაექცეს, არამედ აღიარებს, რომ უნდა მოკვდეს და ხვდება, რომ ცოცხალთა სამყაროში ბევრი რამ არის სიკვდილზე უარესი”

-ალბუს დამბლდორი,”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” (გვ 533)

რაც შეეხება, თვითონ სიკვდილს, ის “მორიგ, დიად თავგადასვლად” არის მოხსენიებული. ხოლო გარდაცვლილი ადამიანებები, ადამიანებად, რომლებიც არასდროს გვტოვებენ:

“როგორ გგონია, ჩვენი საყვარელი ადამიანები სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ გვტოვებენ? განა დიდი გასაჭირის დროს თვალწინ არ წარმოგვიდგებიან? ჰარი, მამაშენი შენში ცოცხლობს და როცა ყველაზე მეტად გჭირდება, მაშინ გეცხადება.”

-ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე”(გვ 312)

4.თანასწორობის თემა

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ამ ერთი შეხედვით საბავშვო წიგნში, წამოჭრილია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მონათმფლობელობა, თანასწორობა და ტოლერანტობა. ასევე ნაჩვენებია სხვადასხვა ჯადოსნური არსებების დისკრიმინაციაც.

მაგალითად, როულინგის ჯადოსნურ სამყაროში, მდიდარ ჯადოქრებს მსახურებად, შინაური ელფები ჰყავთ, რომლებსაც სასტიკად ამუშავებენ (ანაზღაურების გარეშე) და ხშირად, არაადამიანურად ექცევიან. ამიტომაც, არაჩვეულებრივი ჰერმიონ გრეინჯერი გადაწყვეტს, ჩამოაყალიბოს ორგანიაზაცია, სახელწოდებით ედამ (ელფთა დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა), რომელიც დაიცავს ელფთა უფლებებს, უზრუნველყობს მათ სამუშაო პირობებს და ნორმალურ ხელფასს.dobby - Google Search:

გარდა ამისა, “ჰარი პოტერის” სერიებში, კარგად არის ნაჩვენები ჯადოქრების დაპირისპირება გობლინებთან, გოლიათებთან, მაგლებთან (ანუ ჩვეულებრივ ადამიანებთან), სქვიბებთან (ჯადოქრები, რომლებსაც ჯადოქრობის უნარი არ გააჩნიათ)და ე.წ “მუქსისხლიანებთან”(მაგლური წარმოშობის ჯადოქრებთან). აღსანიშნია ისიც, რომ მთავარი პერსონაჟები, ებრძვიან ამ უსამართლობას. ისინი ეხმარებიან მაგლებს,  უახლოეს მეგობრად ჰყავთ, უჭკვიანესი “მუქსისხლიანი” ჰერმიონი, ნახევრად გოლიათი, ჰაგრიდი და გოლიათი გრაუპი. ასევე მეშვიდე ნაწილში, ჰარი სიკვდილისგან იხსნის ერთ-ერთ გობლინს.

“ცეცხლოვან თასში”, გულკეთილი და მგრძნობიარე ჰაგრიდი, რომელიც, თავისი წარმომავლობის გამო, მედიის და საზოგადოების ზეწოლის ქვეშ ექცევა,  ტირილით ბავშვებს ასე მიმართავს:

“დამბლდორი ხალხს ენდობა… შანსს აძლევს.. აი, რით განსხვავდება სხვა დირექტორებისგან. ის ჰოგვორსტში ყველას იღებს, ყველას, ვისაც ნიჭი აქვს. იცის, რო, მერე რა, თუ მშობლებში არ გაგიმართლა და არა არიან ასეთი… ასეთი პატივსაცემები… შეილება შენგან მაინც რამე გამოვიდეს. მაგრამ ზოგს ეს არ ესმის. ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც ამას შენ წინაათმდეგ გამოიყენებს… ისეთებიც არიან, ვისაც თავი ისე უჭირავს, თითქოს ძვალმსხვილი იყოს, იმის მაგირად, რო ადგეს და თქვას:მე ის ვარ, რაც ვარ, და ამის სულ არ მრცხვენიაო…”

-ჰაგრიდი, “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”(გვ356)

“ცეცხლოვან თასში” ამ პრობლემებზე ყველაზე ხშირადაა საუბარი. დამბლდორი ამ ნაწილში მაგის მინისტრს ახსენებს, რომ “არ აქვს მნიშვნელობა, რად იბადება ადამიანი, მთავარია, რა გამოდის მისგან”(გვ552). ხოლო, სირიუს ბლექი, ბავშვებს ასეთ ჭეშმარიტ რჩევას აძლევს:

“თუ გინდა, გაიგო, როგორია ადამიანი, დააკვირდი, როგორ ექცევა თავის ქვეშევრდომებს და არა – თანასწორებს.”

-სირიუსი ბლექი, “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი” (გვ 409)

5. “როკერი და სატანისტი” ჯოან როულინგი

სულელური ქართული გვერდები, ხშირად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, სადაც როულინგი მოხსენიებულია, როგორც “როკერი, სატანისტი” ქალი, რომელსაც “გატყავებული ჰყავს ასამდე კატა” (თურმე, დაუთვლიათ კიდევაც). :)))))  მე კი მინდა შეგახსენოთ, რომ ახლახანს, ზემოთხსენებულმა როულინგმა, დაკარგა მილიარდელის სტატუსი, მხოლოდ იმიტომ, რომ თანხა ქველმოქმედებას მოახმარა. 😉

•   •   •

fc6f9671e813afbe90c93250f4f4ef0d.jpgმოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს უსაფუძვლო სიძულვილი, ნელ-ნელა ისევ ღვივდება. წიგნი  ახალი გამოსული რომ იყოს, კიდევ მესმის –  დიდ სიახლეებთან შეგუება, თავიდან ადამიანებს ყოველთვის გვიჭირდა… მაგრამ 20 წლის შემდეგ, ისევ იგივე დამოკიდებულება, უკვე საზოგადების ჭკუასუსტობაზე მიგვანიშნებს.

ასევე სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ სასულიერო პირების უმრავლესობას, ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი არასწორი პოზიციების დათმოს და ამიტომ, ბევრი მორწმუნე მშობელი, შვილს ისევ  ამ იდეით ზრდის. არადა, რა ხდება ახლა ჩვენთან? დღეს საპატრიარქოს იმაზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგავრებელი, ვიდრე სიახლეებში და წიგნებში რაიმე, სატანისტური ნიშნის უაზრო ძებნაა.

არადა, თუ დავუფიქრდებით, “ჰარი პოტერი” ზუსტად იმ მოტივებზეა აგებული, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს- სიყვარული, მიმტევლებლობა, თავმდაბლობა, თავგანწირვა და დიდსულოვნება.

შესაბამისად, თუ ეს მამაცი, გონიერი ბიჭი, სახელად ჰარი პოტერი, თავისი ისტორიით, ახალგაზრდობას წამლავს,რყვნის და აფუჭებს, მაშინ პირველად მინდა, რომ ასეთი გაფუჭებული თაობა გვყავდეს. რადგან, მე ვიცნობ, ამ წიგნზე გაზრდილ ბავშვებს თუ უფროსებს  და ისინი არიან თავისუფალი, ტოლერანტი, კეთილი და საღად მოაზროვნე ადამიანები. სწორედ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, მსოფლიო უკეთესობიკენ შეცვალონ.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s