მოდით, კევინზე ვილაპარაკოთ

“მათ მტკიცედ განიზრახეს კევინში რაიმე მექანიკური დეფექტის პოვნა, რადგან გატეხილი მანქანის შეკეთება უფრო ადვილია“

მოგროვდით, ცოტა ხნით გვერდით გადადეთ ყველანაირი საქმე, კარგად მოთავსდით და სულ რამდენიმე წუთი დამითმეთ.ზოგადად, ბლოგზე კომენტარებისთვის და დისკუსიებისთვის არ ვიხვეწები, მე მხოლოდ მოსმენას ვითხოვ ხოლმე,  მაგრამ ახლა საუბარი ნამდვილად მჭირდება. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ჩემთვის და თქვენთვის, არამედ საერთოდ ყველასთვის. ამიტომ, მოდით, დღეს კევინზე დავილაპარაკოთ.

კევინ კაჩადურიანი – თუ ეს სახელი და გვარი გეცნოთ, მაშინ, სავარაუდოდ, წაკითხული გაქვთ ლაიონელ შრაივერის წიგნი “კევინზე უნდა დაგელაპარაკო” (ან ნანახი მაინც მასზე დაფუძნებული ფილმი, ეზრა მილერისა და ტილდა სუინტონის შესრულებით). მე კითხვა ახლახანს დავასრულე და თუ თქვენც გაგივლიათ მთლიანი ეს საოცრად დამთრგუნველი კითხვის პროცესი, ალბათ მიხვდებით, როგორ მდგომარეობაშიც ვარ.

კევინზე უნდა დაგელაპარაკო - ლაიონელ შრაივერი-ის სურათის შედეგი
წიგნის ქართული გამოცემა, არაჩვეულებრივი გარეკანით ❤ გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური ფასი: 19.90

წიგნი ევა კაჩადურიანის მიერ დაწერილი წერილებითაა აგებული, რომელსაც თავის მეუღლეს – ფრანკლინს წერს. მას შემდეგ, რაც მათ შვილი – კევინი, სკოლაში მასიურ ხოცვა-ჟლეტას მოაწყობს, ევასთვის ყველაფერი შეიცვლება. ტრაგედია ძალიან რთულ, სასიცოცხლოდ მნიშნელოვან კითხვებს ტოვებს, ევა კი ცდილობს გულწრფელად მოყვეს მისი ისტორია, შეაგროვოს ყველა ფაქტი და საბოლოოდ გაერკვეს თუ ვინ არის მისი შვილი, რატომ მოიქცა ასე და სად დაუშვა შეცდომა.

აი, პირველი კითხვა: მოძალადეები იბადებიან თუ ხდებიან? კევინი თავიდანვე  პრობლემატური ბავშვი იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მკითხველი ისტორიას მთლიანად ევას თვალთახედვით ეცნობა, ამიტომ შეიძლება გარკვეულ მომენტებში გაზვიადებულიც კი იყოს რაღაცები, მაგრამ სიცრუეში ნამდვილად ვერ დავდებთ ბრალს. მთავარია, ფაქტები გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება კევინი პრობლემატური ყოფილიყო, მაგრამ, კარგით რა,  ყველა პრობლემატური ბავშვი არ ხდება მასობრივი მკვლელი. რა თქმა უნდა, შეიძლება მათი გამოსწორება, თუ ნიშნებს შევნიშნავთ და რაც მთავარია, ვაღიარებთ რომ პრობლემა არსებობს.

ამასობაში მეორე თემასაც მივადექით: აღიარება და რეალობასთან თვალის გასწორება. (ფრანკლინ, გესმის?) მე თუ მკითხავთ, ეს ამბავი ევას ბრალი სულაც არ არის. ერთადერთი, რაც მან დააშავა ისაა, რომ ზედმეტად შეიყვარა ქმარი და ვერ მოახერხა საკუთარი აზრის გატანა. აი, ფრანკლინი კი…. მისი პერსონაჟი იმას ამტკიცებს, რომ ილუზიაში ცხოვრებას სავალალო შედეგები მოჰყვება. სწორედ ეს სავავალო შედეგია ის ხუთშაბათი, ანუ კევინის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა. ამ შემთხვევაში, “ბედნიერი ოჯახის” ილუზიასთან გვაქვს საქმე. ფრანკლინი ცდილობდა, ამ “ბედნიერი ოჯახის” სტანდარტებს მორგებოდა. ის ერთი შეხედვით იდეალური მამის ყველა კრიტერეიუმს აკმაყოფილებდა, მაგრამ ფრანკლინი არაჩვეულებრივი მამა იყო არა კევინისთვის, არამედ მის გონებაში შექმნილი კევინის იდეალისთვის. აი, ესაა პრობლემა.

ევასა და კევინის ურთიერთობა ცალკე საინტერესო თემაა. ევა თავიდანვე აღიარებს, რომ საკუთარი შვილი სძულს. გაჩენისთანავე უარვყავი, ისე როგორც მან მეო, ამბობს. საინტერესოა, ეს დედაშვილური სიყვარული საერთოდ რა მცნებაა. ალბათ, ჩვეულებრივ, ბავშვის დაბადებიდანვე წარმოიქმნება ხოლმე რაღაც განსაკუთრებული კავშირი დედასა და შვილს შორის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს კავშირი უბრალოდ არ ჩნდება? შვილის ვერ სიყვარული შესაძლებელია? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოზარდ კევინს უყვარდა ევა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც კი არ არიდებდა თავს რეალურ კევინს, არამედ უპირისპირდებოდა და ცდილობდა, გაერკვია თუ ვინ იყო მისი შვილი(ამას რამდენიმე ეპიზოდიც ადასტურებს). 

რაც შეეხება თვითონ კევინს…. ავტორი ამბობს, ისეთი პერსონაჟის შექმნა მინდოდა,რომლის შეყვარებაც ძალიან რთული იქნებოდაო. ლაიონელ შრაივერმა ეს შეძლო. იმიტომ, რომ დასაწყიში ისეთი ძლიერი სიძულვილი ვიგრძენი, მე თვითონ გამიკვირდა. მაგრამ გაიზარდა კევინი და სიძულვილი შეცოდებამ ჩაანაცვლა. თავიდან კინაღამ დავკარგე იმის რწმენა, რომ ყველა ბოროტი ადამიანი გულის სიღრმეში კეთილია, მაგრამ არა, რა. კევინი, რაც არ უნდა ნიჰილისტურად მოიქცეს, რაც არ უნდა მყარი გულგრილობის ნიღაბი ატაროს, მაინც იგრნძობ მის ტანჯვას, მოუსვენრობას, რაღაცის მუდმივ ძიებას და დილემას საკუთარ თავთან.  ის უმიზნობის განცდითაა შეპყრობილი და შურს ყველა იმ ადამიანის, რომელსაც რაღაც მისწრაფება გააჩნია. აბა, მითხარით, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში? მოკლედ, ვკითხულობდი და მეცოდებოდა. ბოლო სცენაზე კი ტირილისგან თავი ვეღარ შევიკავე. ვეღარ მოვითმინე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგიზმია ამ ამბავში.

მე არ ვარ მშობელი, მოზარდი ვარ. ვერ გეტყვით, როგორია, როცა საკუთარი შვილი გყავს, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შეიძლება ცუდად მოვიქცეთ, ძალიან ცუდად, თქვენ ან სხვას ვავნოთ, ზურგი გაქციოთ, შეგიძულოთ, ზღვარს გადავცდეთ, მაგრამ გთხოვთ, არასდროს დაგვტოვოთ. არ დაგვტოვოთ, რადგან ყველა ჩვენგანში ცხოვრობს კევინ კაჩადურიანი და ელოდება, როდის უარყოფთ, რომ მზის სხივზე, სამყაროსთან საბრძოლველად გამოვიდეს. ჩვენ ზუსტად იმ მომენტში გვჭირდება სიყვარული და თანადგომა, როცა ყველაზე მეტად ვიმსახურებთ ზურგის შექცევას და  სიძულვილს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ რაღაცას, ამიტომ თუ გაგვიშვებთ, წავალთ.

კევინის ამბავი ასეთია – შეძრწუნებულს, შინაგანად გაბზარულს და თავზარდაცემულს დაგტოვებთ. მაგრამ არ აარიდოთ თავი, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ისტორიის დაწვრილებით შესწავლა. წაიკითხეთ ეს წიგნი და წააკითხეთ სხვებს: მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს… წაიკითხეთ, შეიკრიბეთ, დასხედით და მერე გააკეთეთ ის, რაც თავის დროზე ევასა და ფრანკლინს უნდა გაეკეთებინათ – კევინზე დაილაპარაკეთ.

 

 

Advertisements

4 thoughts on “მოდით, კევინზე ვილაპარაკოთ

    1. კი, ნამდვილად საინტერესო წიგნია. როცა წაიკითხავ, კარგი იქნება თუ შთაბეჭდილებებსაც გამიზიარებ :)) ბევრი სადისკუსიო თემაა წამოწეული ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s