გასეირნება მთვარესთან

იმ ღამეს ძალიან უჩვეულო ცა დამხვდა. აი, ისეთი ვან გოგის ნახატებში რომ არის: ლამაზი, მომაჯადაობელი და განსაკუთრებული. ფერების საოცარმა შეხამებამ სუნთქვა შემიკვრა. მონასმები ისე იყო დახატული, რომ გამიძნელდა გამერჩია თუ სად იყო ზღვარი მიწასა და ცას შორის. ალბათ, ოთარ ჭილაძემ სწორედ ამგვარ პეიზაჟზე თქვა, ცა მიწიდან იწყებაო.

იმ ღამეზე არტისტული და მხატვრული ცა, აქამდე არსად შემხვედრია.  ღმერთმანი, ის ოხერი მთავრეც ისე კაშკაშებდა, თუ დააყურადებდით “მთვარის სონატასაც” კი გაიგებდით. ასე ძლიერად არასდროს მომდომებია, რომ ხატვის ნიჭი მქონოდა (ეს გარკვეულწილად ჩემი ტელეფონის სულელური კამერის დამსახურებაცაა, რომელმაც ვერ შეძლო ამ პეიზაჟის დაფიქსირება). imagen-starry-night-by-van-gogh-1ori.jpg

ჰოდა იმ საღამოს, ასეთი სილამიზის შემსწრემ, თავს რატომღაც დავაჯერე, რომ იმ განსაკუთრებული ცის ქვეშ, განსაკუთრებული ამბები უნდა მომხდარიყო. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩვევაა:უსაფუძვლო მოლოდინის შექმნა ყველგან და ყოველთვის. მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ეს მოლოდინი აღმოჩნდა პირველი, რომელიც გამართლდა: განსაკუთრებული ამბავი მოხდა

მაშინ, როცა ცას ვაკვირდებოდი, ვან გოგის ტრაგიზმზე ვფიქრობდი და “მთვარის სონატის” ნოტების დაჭერას ვცდილობდი, ქვითინის ხმა გავიგე. პირველ სართულზე ცხოვრების უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ჩართული ხარ ქუჩაში დატრიალებულ დრამებში. ავღელვდი, კარი გავაღე და აივანზე გავედი.  მოხუცი ბებო, რომელსაც ჭაღარა თმები სპეციალურად გაუსწორებია და ჩითის ყვავილებიანი  კაბა საგულდაგულოდ გაუუთოვებია, ტროტუარზე იჯდა, ზემოთ იყურებოდა და გულამოსკვნილი ტიროდა.  უკიდურესად მორცხვი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვერიდები დაუგეგმავად ვინმესთან შეხვედრას, რადგან აზრზე არ ვარ ხოლმე რა უნდა გავაკეთო ან რაზე ველაპარაკო. ამ სიმორცხვის გამო, რამდენიმე კვირის წინ, ძალიან ცუდად მოვიქეცი და ქუჩაში ისეთ უცნობს არ დავეხმარე, რომლესაც მაშინ ნამდვილად სჭირდებოდა ეს. იმის მერე სულ სინდისის ქენჯნა მაწუხებდა, ახლა კი ქუჩაში მომტირალი მოხუცი ციდან ჩამოვარდნილ მეორე შანსად აღვიქვი, ამიტომ საკუთარ თავს გადავაბიჯე და ხმის კანკალით დავუძახე:

-კარგად ხართ?

“ყოჩაღ, მარიამ, ძალიან აზრიანი კითხვაა” – ირონიულად ვეუბნები საკუთარ თავს და სასტიკად ანერვიულებულს ერთი სული მაქვს ჩემი ოთახისკენ გავიქცე. მაგრამ ცნობისმოყვარეობა და სინდისის ქენჯნა ადგილზევე მაშეშებს.

ქალი ჩემკენ ტრიალდება და ღიმილით თავს მიქნევს. ცუდი განათების გამო მისი სახის ნაკვთების კარგად გარჩევას ვერ ვახერხებ, მაგრამ სილუეტითაც კი ვხვდები, რომ ეს მოხუცი აქამდეც შემხვედრია.

-დარწმუნებული ხართ?

“შენი დახმარება არ უნდა, უკან დაბრუნდი”

-კი, კარგად ვარ, – ხმის გაგონებაზე ვრწმუნდები, რომ სულაც არ ვესაუბრები უცნობს. შემდეგ გონებაში 19 ივლისის მოვლენები მიტივტივდება. იმ დღის, როცა პარკში სეირნობისას მოულოდნელად გაგვეცნო ქალბატონი მზიური, რომელიც რამდენიმე დღეში ამერიკაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ ძალიან ვიხალისეთ. გვითხრა, ამერიკა შემოვლილი მაქვს, იქ ჩემი შვილიშვილი ცხოვრობსო. მისი შვილთაშვილების ისტორიის მოყოლაც არ დაიზარა, ახალგაზრდობაც სევდანარევი მხიარულებით გაიხსენა და ჩვენი დიალოგის კულმინაციად ინგლისურადაც კი დაგველაპარაკა. გაოგნებულიები ვიყავით. ბოლოსკენ, როცა მის შემოთავაზებაზე, დამელოდეთ საახლიდან კანფეტებს ჩამოგიტანთო, უარი განვაცხადეთ, დაგვემშვიდობა, დაგვლოცა, გულწრფელი კომპლიმენტებით აგვავსო და საოცრად თბილი ღიმილით ჯანმრთელობასთან ერთად კარგ ბედთან შეხვედრაც გვისურვა. იმის გააზრებაზე, რომ ამ ქალბატონის კიდევ ერთხელ ნახვის საშუალება მომეცა, სიხარულმა შემიპყრო.

-მაშინ, რატომ ტირით?

იცინის და თავს ცისკენ იქნევს:

-ლამაზია

-უუ-უკაცრა-ვად?! – ენის ბორძიკით ვეკითხები.

-ლამაზია და იმიტომ ვტირი-მეთქი.

საოცრად ვიბნევი. შესაძლებელია ადამიანმა მხოლოდ იმიტომ იტიროს. რომ რაღაც ლამაზია? ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ამიტომ თავს ყოყმანით ვუქნევ.

-ჰო, მართლა ლამაზია, მაგრამ არა სევდიანი, – ამოვღერღე ბოლოს.

-კი, შვილო, ლამაზი რომ არის იმიტომ ვარ ასე, აბა სევდიანზე რა ამატირებდა…

-დიახ.. მმმ… თუ უხერხული კითხვა არ არის, ამ შუა ღამეს მარტო რას აკეთებთ გარეთ? -მოწიწებით ვეკითხები.

-მთვარესთან სასეირნოდ გამოვედი

-ეგ კი კარგია, მაგრამ ჯობია სახლში დაბრუნდეთ და იქიდან ესაუბროთ მთვარეს, თორემ თქვენები ინერვიულებენ

იცინის:

-ჩემებთან ახლა შუა დღეა. ალბათ, “თაიმ სქვერში” სეირნობენ და ჩემთვის არ სცალიათ

-თქვენ რატომ არ ხართ იქ?

-ხომ გითხარი, ჩემთვის არ სცალიათ-მეთქი.

ისევ თავს ვუქნევ, აღარ ვიცი რა გავაკეთო.

-ხასიათი გაგიფუჭე, ხო? რა ემოციურები ხართ ეს ახლგაზრდები… მეც შენნაირი ვიყავი, ყველაფერი ახლოს მიმქონდა გულთან.

-ახლაც ასეთ ხართ, – მოხუცი ისევ იცინის.

-მართლა! აბა, თქვენი აზრით, ყველა ტირის იმის გამო, რომ ცა ძალიან ლამაზია?

-მერე ეგ ჩემს ემოციურობას კი არა, ჩემს სიბერესა და სიგიჟეს ამტკიცებს, ამხანაგო.

-რას ამბობთ, ეგ არც მიგულისხმია… – უხერხულად ვიშუშნები.

– I know, I know, – ამბობს და კიდევ იცინის.

“ვახ, რა საინტერესო ქალია” 

-ქალბატონო, მთვარესთან ერთად რატომღა სეირნობთ?- საუბრის გაგრძელებას ვცდილობ.

-შენნაირმა გამვლელმა რომ არ მითხრას, გარეთ მარტო რატომ ხარო, – ამბობს და ისევ ზემოთ იყურება, – მაპატიე, ჩემი სისულელეებით რომ გაბეზრებ თავს.

-რას ამბობთ, დღეს ვან გოგის ცის ქვეშ, ყველას ყველაფერი ეპატიება.

-ვისი ცის ქვეშ?

-ვან გოგის, ვან გოგის. იცით, ვინ არის?

-მეცნობა, ალბათ ადრე ვიცოდი, ახლა აღარ მახსოვს.

-მხატავრი იყო… სევდიანი, გულჩათხრობილი მხატვარი, რომელიც თავის სიზმრებს ხატავდა.

-ხშირად ტიროდა?

-ალბათ, კი, ძალიან სევდიანი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.

-და სიზმრებში ასეთ ცას ხედავდა?

-დიახ

-ამიტომაც ტიროდა ხშირად, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო კი არა,  – თქვა, წამოდგა და კაბა შეისწორა.

– ალბათ…

-აბა, წავედი, დაიძინე შენ, სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავი. აი, გლოცავ, ხომ ხედავ? მე რომ გლოცავ, ესე იგი, მართლა მოგივა უკან… საერთოდ, მე  ძალიან მიყვარს ბავშვები…

გულწრფელად მეღიმება:

-გმადლობთ, ქალბატონო.

-სულ კარგ რაღაცებს გისურვებ!

-დიდი მადლობა, თქვენც ასევე.

– კიდევ გისურვებ, კარგ ყმაწვილს შეხვედროდე, – აგრძელებს.

-მადლობა, მადლობა, – ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებ.

-ოღონდ მთვარეს არ დაუახლოვდე: მომხიბლავია, მაგრამ უკან არ გელაპარაკება, უბრალოდ სულ იქ დაგყვება, სადაც მიდიხარ.

აღარ ვიცი, რა ვუთხრა ან რა გავაკეთო. უბრალოდ თავს ვუქნევ.

-ხომ გაიგე, რასაც გეუბნები?

-დიახ, გავიგე.

-ხომ დამიჯერებ?

-დიახ, დაგიჯერებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ახლა სახლში ახვალთ და თქვენს შვილიშვილებს დაურეკავთ.

-რომელ შვილიშვილებს?

– თაიმ სქვერშ რომ სეირნობენ

-სად?

-ნიუ-იორკში რომ არიან..

– ააა, ჰო…. კარგი, ჩემო გოგო, – იღიმის და ნელი ნაბიჯებით მიდის. მოულოდნელად, ისევ ტირილს იწყებს.

ვუყურებ მის სილუეტს, როგორ გადადის მიტოვებულ გზაზე და იმასაც ვამჩნევ, როგორ ფინიასავით მიჰყვება მთვარე უკან.

-Beautiful, Beautiful….ლამაზი… – ჩემთვის უცნობ მელოდიას ღიღინებს და ამ სიტყვებს იმეორებს.

კიდევ რამდენიმე წუთი ვიდექი გარეთ, ჩაფიქრებული, თან უცნაურად დასევდიანებული. მომაჯადოებელ ცას, რომ გავხედე, უცებ მეც მომინდა ავტირებულიყავი. მაგრამ თავი გადავაქნიე და სახლში შევბრუნდი. მთელი ღამე ვერ დავიძინე იმის ფიქრში, თუ ვის უმღეროდა ეს ქალი სიმღერას – მთავრეს თუ მასზე მცხოვრებ შვილიშვილებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s