ღამის ქალაქი ლამაზია. ლამაზი და იდუმალი. ჩვენ, გრძელი სეირნობის შემდეგ დაღლილები, შეფუთულები, ცხელი ყავით ხელში, ხალხით დაცარიელებული პარკის კიდეში ვსხედვართ და წინ გადაშლილ ხედს გადავყურებთ. იმ ხედს, რომელიც დილაობით სრულიად ჩვეულებრივი და გაყინულია. უცებ ბოლო პერიოდში წაკითხული სტატია მახსენდება, სადაც უმბერტო ეკო ამბობს, რომ უკვე იმდენად მივეჩვიეთ ხმაურსა და ქაოსს, რომ მის გარეშე აღარ შეგვიძლია ცხოვრება. მაშინ, იმის გაანალიზებამ, რომ ეკო სრულიად სიმართლეს ამბობდა, ცოტა არ იყოს შემაშინა. სწორედ ამიტომ ამოვყავი თავი, ღამე, უახლოეს მეგობართან ერთად ყველასგან მოშორებით, საოცარ სიჩუმეში. ჰოდა გეტყვით, რომ შუაღამეს სეირნობა და გრძელი, საინტერესო საუბრები მნიშვნელოვან ადამიანთან, სიცოცხლისთვისაა აუცილებელი. ეს ერთგვარი თერაპიაა, რომლის შემდეგაც დამღლელი კვირის დასასრულს თავს ასმაგად უკეთ იგრძნობთ.
ღამის ქალაქისთვის ცქერა ნამდვილად განსაკუთრებულია: სიჩუმეა, მაგრამ ჰაერში ჩამოკიდებულ ყოველ უთქმელ სიტყვას ხედავ და ყოველ დამალულ ემოციას გრძნობ. ამიტომ ლაპარაკს იწყებ. თუმცა შენც ვერ ხვდები, მეგობარს ელაპარაკები თუ საკუთარ თავს. შესაბამისად, ჩვენც ისე მოვიქეცით, როგორც მთვარემ გვიკარნახა- ჩამოვწყვიტეთ უთქმელი სიტყვები და ამბებად ვაქციეთ.
ჰოდა, ის დავასკვენი, რომ წინ გადაშლილი ხედი კი ლამაზია, მაგრამ ბოლომდე გულწრფელი საუბარი, ბოლომდე გულწრფელი ხარხარითა თუ ცრემლებით – უფრო ლამაზი.
წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როცა ზიხარ და გაცქერი სამყაროს, რომელიც იმ მომენტში შენ გარეშე არსებობს.
წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როცა არა მნათობი სახლებისა და გადატვირთულ ქუჩებში გაბატონებული ქაოსის, არამედ ისევ საკუთარი ისტორიების ნაწილი ხდები.
ეს შენს თავთან დაბრუნებაა. თავთან, რომელსაც ასე მონდომებით გავურბივართ და ფიქრებთან, რომელსაც ხელოვნური ხმაურით ვფარავთ.