ბავშვებს მარტოობის ეშინიათ

ძვირფასო ბებო,

გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ჩვენთან საახალწლო მზადებაა: თამუნა დეიდამ გვითხრა თოვლის ბაბუს წერილი მისწერეთ, კვირის ბოლოს ჩამაბარეთ და ლაპლანდიაში გავგზავნიო. მე, შენც გემახსოვრება, ასეთი სისულელეების და კეთილი, წვერიანი კაცის არსებობის არ მჯერა, მაგრამ ვინმესთვის მეც ხომ უნდა მიმეწერა ჩემი სურვილები? ამიტომ, გადავწყვიტე შენ დაგკავშირებოდი. თამუნა დეიდა ისეთი მაგარია, რომ დარწმუნებული ვარ, შენს ღრუბლების ქვეყანამდეც მოიტანს ამ წერილს.

მე ისევ ისეთი ყოჩაღი ბიჭი ვარ, როგორიც დამტოვე: არ ვჩხუბობ, უფროსებს ვუჯერებ და როცა რძე გვაქვს ბოლომდე ვსვამ ხოლმე. იმედია, ჩემზე გაბრაზებული არ ხარ ამდენი ხანი რომ არ დაგკავშირებივარ. არ გეგონოს, რომ არ მახსოვდი, პირიქით, სულ შენზე ვფიქრობდი. აი, მაგალითად, ამ ბარბარობას ჩვენთან მამაო მოვიდა, მე კიდევ შენზე დაველაპარაკე და ასე მითხრა, ბებო ახლა უკეთეს ადგილას არის და როცა სცალია, დაგყურებსო. ჰოდა, ალბათ, გეცოდინება, რომ შენთან დადებულ პირობასაც ვასრულებ: არ ვტირი. კარგი, ხო, რამდენჯერმე კინაღამ ავტირდი, მაგრამ კინაღამ არ ითვლება! და რაც მთავარია, მარტოობის არ მეშინია. სულ ვიხსნებ შენ როგორ მეუბნებოდი მარტოობაში გავზარდე დედაშენიც და ბიძაშენიც, არაფერი კატასტროფა ეგ არ არის, სუსტების პრობლემაა ეგო. და მეც არ მეშინია. აი, სიბნელის კი ძალიან… ღამე შუქს რომ გვიქრობენ, მგონია ხოლმე, რომ სიშავე სხვა საწოლებში მძინარე მეგობრებს მპარავს და კანკალი მეწყება. თან აღარც შენ ხარ რომ ჩაგეხუტო… აქ ერთია ყველაზე უფროსი – 14 წლის, გოგა. ძაან ჭკვიანია, სულ გრძელ და ბრძნულ სიტყვებს ამბობს, ყველაფერი იცის, „ცხოვრებისეულ გამოცდილებებს“ გვიზიარებს ხოლმე. მაგრამ გუშინ  რაღაც სისულელე მითხრა(თუ გუშინ ჩემთვის გეცალა, მაშინ გეცოდინება). ჩემს სიძლიერეზე მოვუყევი იმან კიდე გაიცინა და მითხრა, ბავშვებს ერთადერთი რაღაცის ეშინიათ და ეს მარტოობააო. მე ვუპასუხე, საიდან მოტანე-მეთქი, იმან კიდე არ გაინტერესებს რა მოიგონა? სინამდვილეში სიბნელის კი არა, მარტო დარჩენის გეშინიაო. და მერე რაღაცები დაიწყო ბავშვების „ფსიქოლოგიაზე“, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ვუთხარი, მე ბავშვი არ ვარ, მაგალითად, თოვლის ბაბუს არ მჯერა-მეთქი. აბა, ჩვენს სახლს გარედან „ბავშვთა სახლი“ რატომ აწერიაო. ვუპასუხე, ეგრე შენც ბავშვი გამოდიხარ-მეთქი,იმან კიდევ მე გამონაკლისი ვარო. მოკლედ, მაგრად ვიჩხუბეთ, მაგრამ, ბებო, ჩვენს ლამაზ ორქიდეას გეფიცები მარტოობის მართლა არ მეშინია. აი, სიბნელის კი…

ბებო, ჩვენი იასამნისფერი ორქიდეა ხომ გახსოვს? ბოლო პერიოდში ისე ადვილად გავიწყდებოდა რაღაცები… მაგრამ შენ მაგაზე არ იდარდო, ექიმი სულ ამბობდა, რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება! ყველაფერს მე მოგიყვები: თავიდან გვქონდა ნამდვილი ორქიდეა, ყავისფერ ქოთანში, ფანჯრის რაფაზე იდგა, ზედ ვიყავით გადაყოლილები. შენ მიყვებოდი, რომ იმ უბრალო ყვავილს ოჯახში ერთიანობა და „იდილია“(მგონი ასე ერქვა ამ სიტყვას) შემოჰქონდა. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მის სუნზე მე ალერგია მქონდა. თუმცა შენ არ დაბნეულხარ – მეორე დღეს ხელოვნური ორქიდეა მოიტანე, თან ფერად ქოთანში! მერე რა რომ ხელოვნური იყო: ჩვენ ისევ ისე ვუვლიდით და ისევ ისე გვიყვარდა. სამაგიეროდ, კი ის ჩვენი ოჯახის ერთიანობას ინარჩუნებდა. ძალიან ძვირფასი იყო ჩვენთვის. ხანდახან, როცა მოვიწყენდი, დავჯდებოდი და ველაპარაკებოდი. ორქიდეა ზოგჯერ სიზმრებში მპასუხობდა.

ჰოდა მას შემდეგ, რაც აქ მომიყვანეს, სულ ჩვენს ორქიდეაზე ვფიქრობ. ვიცი, არ გიყვარს როცა ვწუწუნებ, მაგრამ არ მინდა, მოგატყუო: ის ძალიან მაკლია. თან ჩემზე ნაწყენია… შენთვის არ მითქვამს რა მოხდა? იმ დღეს, როცა მე სკოლიდან დავბრუნდი და შენ ტახტზე მიძინებული გნახე, მეგონა, მოკვდი და ჩვენს მეზობელს – გია ძიას დავუძახე. მან მითხრა, ბებო საცხოვრებლად გადავიდა ღრუბლების ქვეყანაშიო. მე კიდევ ისე გავბრაზდი! იმაზე კი არა, რომ უკეთესს ადგილას წახვედი, არამედ იმაზე, რომ არ გამაფრთხილე და არც წამიყვანე. თან ისე გავბრაზდი, რომ შენ ნაცვლად ფანჯარაზე შემოდგმულ ორქიდეას დავუყვირე და ხელი ვკარი.  ის კიდევ ჩვენი მეხუთე სართულიდან პირდაპირ გარეთ გადაეშვა. თან ხომ იცი, ჩვენი ფანჯრის ქვეშ რომ ორი დიდი ნაგვის ყუთი იდგა, პირდაპირ იქ ჩავარდა! გთხოვ, ბებო, არ გამიწყრე. შენ არ მითხარი შეცდომებს ყველა ვუშვებთო? რაც მთავარია, ახლა ძალიან ვნანობ. ორქიდეაც ნაწყენია, რამდენი ხანია სიზმარში არ მოსულა…0cc3736ab72b6e19edce794495a13a98

ამიტომ, ბებო, ამ ახალ წელს ორქიდეა მინდა (ოღონდ ხელოვნური. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილზე ალერგია მაქვს). დავიდგამ ჩემს თავთან და ღამე, როცა შუქს ჩააქრობენ მაგრად, ჩავეხუტები. მერე საერთოდ არაფრის შემეშინდება და ისეთი ძლიერი ბიჭი დავდგები, როგორიც სულ გინდოდა. თან მერე ის ყოვლისმცოდნე გოგაც ვეღარ მეტყვის, ბავშვი ხარ და მარტოობის გეშინიაო.

აბა, კარგად იყავი. თავს გაუფრთხილდი. ეცადე, არ ინერვიულო და მაგ ღრუბლებზეც ბევრი არ იხტუნაო. ხომ არ დაგავიწყდა? ექიმი ამბობდა, რომ შენი სახსრებისთვის ზედმეტი მოძრაობები არ შეიძლება.

საჩუქარი დამიტოვე სასადილო ოთახში, ჩვენი ნაძვის ხის ქვეშ.

სიყვარულით,

შენი დათა.

 

 

Advertisements

5 thoughts on “ბავშვებს მარტოობის ეშინიათ

  1. ულამაზესია, უცრემლოდ რომ ვერ ჩაივლი. კარგი ბავშვური ენითაა ნაწერი ^_^ ❤

    პ.ს. გჩუქნი ერთ-ერთ ჩემს უსაყვარლეს სიმღერას (იმ იმედით რომ მოუსმენ, თან გადახვევის გარეშე)

    Liked by 1 person

    1. დიდზე დიდი მადლობა ♥️
      როგორც მითხარი მოვუსმინე და მომეწონა, გრძელ გზას მოუხდა :))))

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s